საქალაქო სასამართლოში, ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, მოკლული გოგონას დედას და მამას დაკითხავენ.
სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ცინდელიანიც, ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დროს და ამჟამადაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არის.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს