მოსამართლე ივერი აბაშიძემ არ დააკმაყოფილა ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის არცერთი შუამდგომლობა.
საქალაქო სასამართლოში, სადაც საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილობის საქმე განიხილება, მოსარჩელე მხარეებმა ჯამში 11 შუამდგომლობა დააყენეს. მათგან ყველაზე მეტი, 7 შუამდგომლობა “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” დააყენა, 3 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), 1 კი “ძლიერმა საქართველომ”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, უწყების იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანი არ დაეთანხმა არცერთ შუამდგომლობას. მოსამართლემ ყველა ჯერზე გაიზიარა სანტურიანის პოზიცია და მოსარჩელეების მოთხოვნების არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მისი განმარტება თითქმის ყველა შემთხვევაში ერთნაირი იყო – მიზეზად “უსაფუძვლობა” დაასახელა. თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს სხდომაზე არცერთი შუამდგომლობა არ დაუყენებიათ.
საიას ერთ-ერთი შუამდგომლობა მათი სარჩელის ცალკე გამოყოფას შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ სამივე მოსარჩელემ ცალ-ცალკე წარადგინა სარჩელები, თუმცა სასამართლომ ისინი ერთ საქმედ გააერთიანა. საიას იურისტმა, ნინო ხუციშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ განსხვავებულია მათი სარჩელის როგორც სამართლებრივი საფუძველი, ისე დავის არალი: ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც ყველა საარჩევნო უბნის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვენ, საია მხოლოდ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებზე დავობს.
გარდა ამისა, იურისტმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოებში, სადაც ასევე გააერთიანებს რამდენიმე ორგანიზაციის სარჩელი, საქმის წარმოება გართულდა. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სხდომა დაახლოებით 23 საათს გაგრძელდა. საიას მოთხოვნას დაეთანხმნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. თუმცა, მოსამართლემ ეს, ისევე როგორც სხვა 10 მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობებს შორის იყო მოთხოვნა ცესკოს მიმართ, სასამართლოსთვის წარედგინა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დეტალურად გახდებოდა ცნობილი ვისგან და რა პირობებით, როგორც ხარისხის ქაღალდი შეიძინა ცესკომ ბიულეტენებისთვის, სად დაბეჭდა, ასევე მარკერები, რომლის კვალი ბიულეტენის მეორე მხარეს გადმოდიოდა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ცესკო საინფორმაციო კამპანიებისას იყენებდა “სმარტმატიკის” მარკერებს, მაგრამ უშუალოდ კენჭისყრის დღეს მათ სხვა, არაბრენდირებული მარკერები გამოიყენეს. ეს ინფორმაცია სხდომაზევე უარყო გიორგი სანტურიანმა. მოგვიანებით, უწყების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამის მიუხედავად, სანტურიანმა უარი თქვა მოთხოვნილი დოკუმენტების სასამართლოსთვის წარდგენაზე. მისი თქმით, შესყიდვის ხელშეკრულები ისედაც საჯარო იყო და მოსარჩელეებს მისი გაცნობა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე შეეძლოთ. მოსარჩელეები ითხოვდნენ არა მხოლოდ ხელშეკრულებების, არამედ მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენასაც, რადგან, “ერთია რა წერია ხელშეკრულებაში და მეორე, როგორ შეასრულე ცესკომ დოკუმენტიც გათვალისიწინებული პირობები”.
შუამდგომლობები ეხებოდა მოწმეების სახით სხვადასხვა საუბნო კომისიის წევრების გამოკითხვას, ასევე ექსპერტის სტატუსის სტატისტიკოსებისა და IT სპეციალისტების გამოკითხვას, რომლებიც, მოსარჩელეების თქმით, შეძლებდნენ აღეწერათ გაყალბების ტექნიკები და მათი მასშტაბი.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ შუამდგომლობა დააყენა ვერეფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობის პრინციპის შემოწმებაზე, ამისთვის კი კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული ექსპერიმენტი ვერ აკმაყოფილებდა ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებს – მასში მონაწილეობა მიიღო არა რიგითმა ამომრჩეველმა, არამედ ცესკოს დახელოვნებულმა წარმომადგენლებმა, რომელმაც, ექსპერიმენტის დროს, ბიულეტენი იმისგან განსხვავებული მეთოდით შეაცურა აპარატში, ვიდრე ამას ცესკოს რეკომენდაციები გულისხმობდა, რომელსაც უწყება კენჭისყრის დღემდე ავრცელებდა.
აღსანიშნავია, რომ მაშინ როცა სააპელაციო სასამართლოში ექსპერიმენტის ჩატარებას თავად ცესკოს წარმომადგენლები ითხოვდნენ, რათა გაებათილებინათ იმ ექსპერიმენტის შედეგი, რომელიც იქამდე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ჩატარდა, ამ შემთხვევაში პირიქით – ისინი შეეწინააღმდეგნენ კორძაიას შუამდგომლობას. კორძაიამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში არ არსებობდა ექსპერიმენტის განმეორებით ჩატარების საფუძველი, ამ შემთხვევაში კი მათი მოთხოვნა ეფუძნებოდა ლოგიკას რომ მასში მონაწილეობა უნდა მიეღო რიგით ამომრჩეველს – როგორც ეს თეთრიწყაროში მოხდა და არა ცესკოს წარმომადგენელს – როგორც სააპლაციოშიო იყო. ამის მხუედავად, მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა ეხებოდა საქმის წარმოების პროცესის შეჩერებას იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს გამოძიებას არჩევნების გაყალბების საქმეზე. თამარ კორძაიამ განმარტა, რომ რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი არცერთი შუამდგომობა – არ გამოჰკითხა მოწმეები, არ დაავალდებულო ცესკო წარადგინოს დოკუმენტები, არ ჩაატარა ექსპერიმენტი, უარი თქვა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ უბანზე ბიულეტენების დათვალიერებაზე და ა.შ. რჩება ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხის გარეშეც საკითხზე მსჯელობის გაგრძელება არაობიექტური იქნება. პროკურატურის გამოძიების ფარგლებში პოტენციურად მოპოვებული მტკიცებულებებმა კი შესაძლოა ბევრ ამ კითხვას პასუხი გასცეს. მოსამართლემ არა თუ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არამედ უარი თქვა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებისა თუ სხვა მასალების საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემაზე. მისი თქმით, თუ პროკურატურას ამის საჭიროება ექნება, თავად გამოითხოვს მასალებს.
შუამდგომლობების განხილვას თითქმის 5 საათი დასჭირდა. ამის შემდეგ მხარეებმა საკუთარი პოზიციები წარადგინეს და ერთმანეთს კითხვები დაუსვეს. საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე, უკვე 11 საათზე მეტია მიმდინარეობს სხდომა. ახლა მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან.