საფრანგეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას

საფრანგეთში გაიმართა საპროტესტო აქციები მემარჯვენე რადიკალების წინააღმდეგ. 30 ივნისს ღამით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად ლიდერობს ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, იგივე „ეროვნული ფრონტი“, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა მემარჯვენე ექსტრემიზმის მოწინააღმდეგე 8 000-მდე ადამიანი. მათ შეუერთდნენ მემარცხენე პოლიტიკოსები.
საპროტესტო აქციები გაიმართა ლიონში, ნანტში, დიჟონში, ლილსა და მარსელში. მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავებს ბოთლები და პეტარდები ესროლა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით, ულტრამემარჯვენეებს ხმა მისცა 34%-მა, მემარცხენეთა ალიანსს, „ახალ სახალხო ფრონტს“ – 28,1%-მა, ხოლო პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციას – 20,3%-მა.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული კრების არჩევნები მაჟორიტარული სისტემით, ორ ტურად ტარდება 577 ოლქში. მეორე ტურში, რომელიც 7 ივლისს გაიმართება, ერთმანეთს დაუპირისპირდება პირველი ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. მეორე ტურში მონაწილეობენ ის კანდიდატებიც, რომლებმაც პირველ ტურში მიიღეს ხმების სულ მცირე 12,5%.
მემარცხენეების ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ მოხსნიან კანდიდატებს, რომლებიც მესამე ადგილზე გავიდნენ და მიღებული ხმებით მეორე ტურში მონაწილეობა შეუძლიათ, რათა არ დაუშვან ხმების დაქსასვა და ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეების მოსვლა. ასეთივე ტაქტიკა აქვს პრეზიდენტ ს კოალიციასაც.

ასევე დაგაინტერესებთ

Reuters – ათასობით ქართველი თავისუფლების მოედანზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან შესახვედრად შეიკრიბა – ქართველმა ფეხბურთელებმა ამაღელვებელი თამაშებისთვის მთელს ევროპაში შექება დაიმსახურეს