საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი პარტია 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.
“ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა”, – განაცხადა მაკრონმა, როცა მისი კონკურენტის, მარინ ლე პენის პარტიამ მასზე 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო.
რომ არა მაკრონის ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის პარლამენტი ჯერ კიდევ მოქმედი შემადგენლობით 2027 წლამდე იმუშავებდა.
ჯამში 577 მანდატია გასანაწილებელი. უმრავლესობის მოსაპოვებლად ნახევარი, 289 მანდატის მიღებაა საჭირო. თუმცა, სავარაუდოა, რომ ამისთვის ხმათა საკმარის რაოდენობას ვერცერთი პარტია ვერ მიიღეს. უფრო მეტიც, არჩევნების შედეგები არა ერთი, არამედ ორი ტურის შემდეგ გადაწყდება. მეორე ტური, სავარაუდოდ, 7 ივლისს გაიმართება.
ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების გააქტიურების გამო, ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტ ხმას სწორედ მარიან ლე პენის პარტია, “ეროვნული ერთობა” მიიღებს. ამ შემთხვევაში მათ ისტორიაში პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დააკომპლექტონ საფრანგეთის მთავრობის დიდი ნაწილი. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტსა და მის პარტიას “ერთად”, ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა, მე-2 ადგილზეც კი ვერ გავიდეს. წინასწარი გამოკითხვებით, მას ცოტა ხნის წინ შექმნილი მემარცხენეთა გაერთიანება “ახალი სახალხო ფრონტი” უსწრებს.
ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის პარლამენტის ახალ შემადგენლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უმტრა-მემარჯვენე ლე პენისა და მკვეთრად მემარცხენე “სახალხო ფრონტის” წარმომადგენლები.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, ის თანამდებობაზე თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება, რომელიც 2027 წელს იწურება.
ამავე თემაზე:
· წაგებულები და მოგებულები ევროპარლამენტის არჩევნებში

ასევე დაგაინტერესებთ