საფრანგეთში კანდიდატებმა ლე პენის პარტიის წინააღმდეგ კანდიდატურები მოხსნეს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდის შემდეგ კანდიდატებმა მარინ ლე პენის პარტიის, ეროვნული ერთობის წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. პოლიტიკური პარტიებისთვის 2 ივლისს საფრანგეთის დროით 5 საათზე იყო ბოლო ვადა მეორე რაუნდისთვის კანდიდატების დასარეგისტრირებლად.
ოფიციალური სია, თუ რომელმა პოლიტიკოსებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები ლე პენის პარტიის წინააღმდეგ, ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ამის მიუხედავად, ფრანგული მედია წერს, რომ 214-დან 218-მდე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა ეროვნული ერთობის ოპონენტი პარტიის სასარგებლოდ.
პირველი რაუნდის შემდეგ მემარცხენე კოალიციის ახალი სახალხო ფრონტი-ს ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა მისი პარტიის მესამე ან მეოთხე ადგილას გასულ კანდიდატებს მოუწოდა, კანდიდატურები ლე პენის პარტიის საწინააღმდეგოდ მოეხსნათ.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტია, ხოლო მოქმედი მთავრობის და ს გაერთიანება – ერთად რესპუბლიკისთვის მესამე ადგილს იკავებს. აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობისთვის 577 ადგილიდან 289-ის მოპოვებაა საჭირო.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეები ხმას ოლქებში ორ რაუნდად აძლევენ. მეორე რაუნდში გადადის ორი მოწინავე კანდიდატი და კიდევ ის კანდიდატები, რომლებიც 12,5%-იან ბარიერს გადალახავენ. ეროვნულ ასამბლეაში ადგილს მათ შორის მეორე რაუნდში გამარჯვებული იკავებს. სხვადასხვა ოლქებში მელანშონმა მესამე ან მეოთხე ადგილას გასულ მემარცხენე კანდიდატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ეროვნული ერთობის ოპონენტი კანდიდატებისთვის.
· საფრანგეთის არჩევნების I რაუნდში ლე პენის პარტია ლიდერობს, II რაუნდი 7 ივლისს ტარდება