საფრანგეთი, ლიბანში მიმდინარე საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს

საფრანგეთი, ლიბანში მიმდინარე საჰაერო დარტყმების განხილვის მიზნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.
მან მხარეებს დეესკალაციისა და რეგიონული კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
„საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს და მათ, ვინც მათ მხარს უჭერს, მოახდინონ დეესკალაცია და თავიდან აიცილონ რეგიონული კონფლიქტი, რომელიც დამღუპველი იქნება ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ამ მიზეზით, მე მოვითხოვე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ლიბანთან დაკავშირებით ამ კვირაში“, – აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.
მისი თქმით, ლიბანში, ისევე როგორც სხვაგან, საფრანგეთი დარჩება სრულად მობილიზებული დიდი კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც არღვევს საერთაშორისო დღის წესრიგს.
შეგახსენებთ, ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტი მნიშვნელოვნად დაიძაბა. , გუშინ დილიდან, ლიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს. ამასთან, მათივე ცნობით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.