საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, 15 მაისს თურქეთში ამერიკელ სენატორს, ლინდსი გრეჰემს შეხვდება, რომელმაც უაღრესად ძლიერი სანქციების პაკეტი შეიმუშავა, მათ შორის 500%-იანი ტარიფები რუსული ნავთობის იმპორტზე და 500%-იანი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს განაგრძობენ, – ამის შესახებ გამოცემა „ლე ფიგარო“ წერს.
ჟან-ნოელ ბაროს თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა უნდა მოემზადონ გამანადგურებელი სანქციების დასაწესებლად, რათა რუსეთი აიძულონ, უკრაინაში ომი დაასრულოს.
„რუსეთმა იპოვა გზები, რათა გვერდი აუაროს ევროპისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ბლოკადას და ამგვარად, ონკანის გადაკეტვა რუსეთის ყელში წაჭერის საშუალებაა“, – აღნიშნა მან.
ჟან-ნოელ ბაროს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და დასავლეთი კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს.
„ჩვენ უფრო შორს წასვლა მოგვიწევს, რადგან ამ მასშტაბურმა სანქციებმა ჯერ ვერ გადააფიქრებინა ვლადიმერ პუტინს, უარი თქვას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის გაგრძელებაზე“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ აუცილებელია ახალ ზომებზე მუშაობა, „რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ეკონომიკის ერთხელ და სამუდამოდ დახრჩობა“.
„ვიმედოვნებ, რომ ევროპა, თავის მხრივ, შეძლებს ნახშირწყალბადებზე სანქციების დაწესებას“, – დასძინა მინისტრმა.
