საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
“39 წლის ლეკორნუს არჩევანი მიანიშნებს მაკრონის მისწრაფებაზე გააგრძელოს უმცირესობის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მყარად უჭერს მხარს ბიზნესის მხარდამჭერი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესებისა და შეძლებულების გადასახადები შემცირდა და პენსიაზე გასვლის ასაკი გაიზარდა”, – ნათქვამია Reuters-ის მასალაში.
მაკრონის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღინიშნება, რომ პრეზიდენტმა ლეკორნუს სთხოვა მისი კაბინეტის დასახელებამდე ბიუჯეტსა და სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კომპრომისების საპოვნელად პარლამენტში ყველა პოლიტიკურ ძალასთან გამართოს დიალოგი, რაც უჩვეულო გადაწყვეტილებაა საფრანგეთის პოლიტიკაში.
