გუშინ, 12 მარტს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევაცაა დაგმობილი.
„გმობს რუსეთის ჩარევას ევროკავშირისა და მის სამეზობლოში დემოკრატიულ პროცესებში, განსაკუთრებით მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში“, – ვკითხულობთ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეის რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის შესახებ, რასაც მთავრობა ეწინააღმდეგება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც ევროპული თავდაცვის მშენებლობის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის შესახებ ეროვნულმა ასამბლეაში ცხარე დებატები გაიმართა.
საბოლოოდ რეზოლუციას მხარი 288-მა დეპუტატმა დაუჭირა, 54-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მხარდამჭერებს შორის იყვნენ ემანუელ მაკრონის პარტიის წევრები, სოციალისტი და მწვანეთა პარტიის დეპუტატები, ასევე მემარჯვენე პარტიების Les Républicains და Horizons-ის წარმომადგენლები. წინააღმდეგ ხმა მისცეს რადიკალი მემარცხენე პარტიის – La France Insoumise (LFI) – წევრებმა და ზოგიერთმა კომუნისტმა დეპუტატმა. რაც შეეხება მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას (Rassemblement national), მისმა დეპუტატებმა თავი შეიკავეს.
საბოლოო ტექსტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის წინააღმდეგობის გაძლიერებას, მის სამხედრო დაფინანსებას და ასევე ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, ნატოს და „სხვა მოკავშირე ქვეყნებს“ „განაგრძონ და გაზარდონ უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა“.
დეპუტატებმა ასევე შეიტანეს ცვლილებები ტექსტში, რომლითაც მოუწოდებენ ევროკავშირს „შეიქმნას დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვის სისტემა“.
რეზოლუციის განხილვისას სადავო საკითხი იყო ევროკავშირის ქვეყნებისადმი მოწოდება რუსული გაზის იმპორტის დასრულებაზე.
ასევე, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სადავო გახდა, ეს იყო სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების ყოფნა. საბოლოოდ, რეზოლუციის შესწორებული ტექსტი „მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას და მის ევროპელ პარტნიორებს შეისწავლონ უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგების შესაძლებლობა“.
