„საფარი“ ტრეფიკინგის მსხვერპლი სუროგატი დედების თავშესაფარში გადაყვანას მოითხოვს

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი” საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, კომპანია „ქინდერლის” ჩამოყვანილ სუროგატ დედებს დაზარალებულთა სტატუსი მისცეს და მყისიერად მიანიჭოს საქმეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
„საფარის“ განცხადებით, მუშაობს საქმეზე, რომელიც ეხება საქართველოში კომპანია „ქინდერლის” ჩამოყვანილ სუროგატ დედებს, რომლებიც კომპანიამ ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადამიანით ვაჭრობისა და ექსპლუატაციის დასჯას ითვალისწინებს და საქართველოში არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლების სახელმწიფო ფონდი, სუროგატი დედები ამ დრომდე სრულიად დაუცველები რჩებიან, რადგან პროკურატურა უარს აცხადებს გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აწარმოოს და ქალებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. „ქინდერლის“ საქმე ცხადყოფს, რომ სუროგატი დედები საქართველოში სრულიად დაუცველები არიან, ხოლო სუროგაციით გაჩენილი ბავშვების ბედი დღემდე უცნობია. გაუმჭვირვალე კონტრაქტები, დასაქმებულთა უფლებების დარღვევა და დაზარალებულების რეაბილიტაციისთვის საჭირო სერვისების ნაკლებობა, პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს“, — აცხადებს „საფარი“.
ორგანიზაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სუროგატი დედები თავშესაფარში და გაუწიოს საჭირო მომსახურება.
სუროგატი დედები პოლიციას და პროკურატურას მიმართავენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ რეპროდუქციული მედიცინის სააგენტოს Kinderly-ს წინააღმდეგ. ისინი თვეებია უშედეგოდ ელიან კუთვნილ ჰონორარებს და აცხადებენ, რომ კომპანიამ ქალები მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჰოსტელში შეასახლა.
„ნეტგაზეთმა“ სცადა პროკურატურასთან დაკავშირება, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც