ევროკავშირსა და აშშ-ს, ასევე ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გლობალური ეკონომიკური და ფინანსური არასტაბილურობის ზრდა გამოიწვია. მზარდმა გაურკვევლობამ კი სტაბილურად მაღალი ინფლაცია და შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთები უზრუნველყო.
ამრიგად, იმ ევროპული ქვეყნის არჩევა, სადაც ახალი ბიზნესის წამოწყება იქნება შესაძლებელი, ამჟამად განსაკუთრებით რთულ ამოცანად შეიძლება მოგეჩვენოთ.
Euronews-მა მოიკვლია, ევროპის რომელ ქვეყნებშია შედარებით უფრო ადვილი ახალი ბიზნესის წამოწყება, არსებული ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით და შესაბამისი სტატიაც გამოაქვეყნა. გამოცემის მიხედვით, საუკეთესო ქვეყნები ამჟამად არის:
ესტონეთი უცხოელი დამფუძნებლებისთვის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ის ბიზნესმენს ბიზნესზე ორიენტირებულ სამართლებრივ და ეკონომიკურ ჩარჩოს სთავაზობს. ამასთან მაღალ დონეზეა გაციფრულება.
ქვეყანაში განვითარებული ელექტრონული სისტემები კი საშუალებას იძლევა, რომ ბიზნესმენმა კომპანია ონლაინ დაარეგისტრიროს და ამავდროულად, თავისი ბიზნესსაჭიროებები თუ სერვისები ციფრულად მიიღოს. სხვა საქმიანი ტრანზაქციები, როგორიცაა საგადასახადო დეკლარაციები და საბანკო ოპერაციები, ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში განხორციელდეს.
„ინვესტ ინ ესტონეთის“ მონაცემებით, კომპანიის დაფუძნებას 15 წუთი სჭირდება, ბიზნესების 98% კი ონლაინ რეჟიმში იქმნება.
ქვეყნის საგადასახადო სისტემა ხელს უწყობს რეინვესტირებას და ამავდროულად არ აწესებს გადასახადს შეკავებულ მოგებაზე. ესტონეთს ასევე აქვს შედარებით ნაკლები ბიუროკრატია, რაც კიდევ უფრო აადვილებს ბიზნესის დაწყებას, ამავდროულად ევროკავშირის ერთიან ბაზარს იყენებს.
ირლანდია
ირლანდიის რესპუბლიკა ევროპაში ბიზნესის დასაწყებად კიდევ ერთი პოპულარული არჩევანია, რადგან ის მაღალშემოსავლიანი, ციფრულად განვითარებული ეკონომიკაა.
„ენტერპრაის ირლანდია“ ყოველწლიურად დაახლოებით 200 სტარტაპში ინვესტირებას ახორციელებს. ირლანდია, როგორც ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროზონის წევრი, ასევე ევროს მომხმარებელია. გარდა ამისა, ამ სახელმწიფოსთვის ინგლისური ერთ-ერთ მთავარ ენას წარმოადგენს, რაც ევროპელი მეწარმეებისთვის ძალიან მიმზიდველ ფაქტორებს ქმნის.
მეწარმეებს დიდი ბრიტანეთიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ირლანდიაში ბიზნესის დასაწყებად არანაირი ნებართვა ან ვიზა არ სჭირდებათ. ამასთან, ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის ქვეყანა დისტანციურად კომპანიის დაფუძნებას და რეგისტრაციას უზრუნველყოფს.
მას ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორპორაციული გადასახადის განაკვეთი 12.5%-ით და დაახლოებით 72 ქვეყანასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება.
ბულგარეთი
ნაკლები ბიუროკრატიის გათვალისწინებით, ბულგარეთი აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან პოპულარული ახალი ბიზნეს ცენტრია. ქვეყანაში ევროპის უმეტეს ნაწილთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯებიც ძალიან დაბალია, ხოლო კორპორაციული გადასახადი მხოლოდ 10%-ია.
უცხოურ კომპანიებს ქვეყანაში მიწის შეძენაზე არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა არ აქვთ და ოპერაციული ხარჯები მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ უნდა გადაიხადონ. ამ ქვეყანაში მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ იაფი, მაღალკვალიფიციური და მრავალენოვანი მუშახელი დაიქირაონ.
ბულგარეთში ასევე დაშვებულია კომპანიის დისტანციური რეგისტრაცია. თუმცა, ქვეყანაში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც გასათვალისწინებელია.
ნიდერლანდები
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ნიდერლანდები ევროკავშირის მეხუთე უდიდესი ეკონომიკაა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი, დაახლოებით 990.6 მილიარდი დოლარია (918.7 მილიარდი ევრო), რაც ევროკავშირის ეკონომიკის დაახლოებით 5.96%-ს შეადგენს.
დასავლეთ ევროპაში ძალიან მოხერხებულად მდებარე ნიდერლანდებს უკიდურესად კოსმოპოლიტური, მაღალკვალიფიციური და კვალიფიციური სამუშაო ძალა ჰყავს. ნიდერლანდების მთავრობა ახალი ბიზნესებისთვის მეწარმეებს ბიზნესის მხარდაჭერის მრავალფეროვან სქემებსა და საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციული გადასახადის განაკვეთი ზოგიერთ სხვა ევროპულ ვარიანტთან შედარებით ოდნავ მაღალია და 25.8%-ს შეადგენს, ბიზნესის მრავალი მფლობელისთვის ეს ფასი ღირებულია მდებარეობისა და ბაზარზე წვდომის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, მთავრობა მხარს უჭერს კვლევასა და განვითარებას, ასევე ინოვაციებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სამეცნიერო კვლევას ახორციელებენ ან ახალ ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან.
დანია კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც შედარებით მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის დაწყება. დანია მსოფლიო ბანკის მიერ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, მუდმივად მაღალ შეფასებას იღებს და ხშირად მსოფლიოში პირველ ხუთეულშიც შედის.
კომპანიის რეგისტრაცია დანიაში შედარებით მარტივია და დამფუძნებლებს პროცესის ონლაინ დასრულება შეუძლიათ. პროცედურები სწრაფია და ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდეს. დანიას ასევე აქვს სტაბილური ეკონომიკა, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და ძლიერი ინფრასტრუქტურა, ხოლო შრომის ბაზარი შედარებით მოქნილია.
ქვეყანა ცნობილია ნდობაზე დაფუძნებული ბიზნეს კულტურით, რომელსაც შეუძლია ტრანზაქციის ხარჯები შეამციროს, რადგან ბიზნესებს შეუძლიათ შეამცირონ რთული შემოწმების პროცესები, მასშტაბური იურიდიული კონტრაქტები და უსაფრთხოების ზომები. დანიას ასევე აქვს მიმზიდველი კორპორაციული გადასახადის განაკვეთი, რომელიც ორგანიზაციების უმეტესობისთვის 22%-ს შეადგენს.
გაერთიანებული სამეფო
დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 360 000 ახალი ბიზნესი იქმნება. კომპანიის ჩამოყალიბება ასევე შედარებით სწრაფი, მარტივი და იაფია, ფოსტით განაცხადების დამუშავება რვა-ათ დღეში ხდება, ხოლო ონლაინ განაცხადების – 24 საათში.
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეკონომიკისა და სამუშაო ძალის მქონე გაერთიანებულ სამეფოს, ბიზნესის მხარდასაჭერად პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც მოგებიანობა დაბალია, კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებიც აქვს.
გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთს აქვს ძლიერი საგადასახადო და სამართლებრივი სისტემა, ეფექტური პროცესებით და ყველა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის 25%-იანი კორპორაციული გადასახადის განაკვეთით. გამომდინარე იქიდან, რომ ზრდასრული მოსახლეობის მესამედს რაიმე სახის უმაღლესი განათლება მაინც აქვს, სამუშაო ძალა – მაღალკვალიფიციური და ადაპტირებადია.