„საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტის დაწყებაზე ვმუშაობთ, რაც ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს“ – დავით ცირდავა

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის დავით ცირდავას თქმით, საქართველოში ნავთობის იმპორტი, შესაძლოა, დან დაიწყოს. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნესს ფორუმის პოტენციურ შედეგებზე კომენტირებისას ისაუბრა.
დავით ცირდავას თქმით, მოლაპარაკებების სირთულეს ქვეყნისთვის საჭირო მცირე მოცულობები წარმოადგენს. საუბარია თვეში 5 ათასი ტონის იმპორტზე, რაზეც თანხმობის მიღების შემთხვევაშიც, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს.
„ჩვენ გასულ წელს საუდის არაბეთთან მჭიდრო ურთიერთობები დავიწყეთ. ერთ-ერთი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ალტერნატიული ბაზრიდან ნავთობის დაბალ ფასად შემოტანა იყო. მათი ნავთობის ხარისხი მსოფლიოში ისედაც ცნობილია.
საინტერესოა, რომ მოლაპარაკებები განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში გასულ წელს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გადავიდა, რომელმაც ჩვენი წევრი ორგანიზაციების, კომპანიებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და ამას მოჰყვა კარგი ტენდენციები. ერთ-ერთი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის პროცედურები ფაქტობრივად უკვე ეროვნული ბანკის ლიცენზირების ქვეშ გადის.
ნავთობს რაც შეეხება გასულ კვირას საქართველოს ბანკთან და სხვადასხვა კომპანიებთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა ახლა დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან მოლაპარაკების მიმდინარე პროცესია. აქ საუბარია იმაზე, რომ ისინი 50 ათასს ტონაზე ზევით ახდენენ რეალიზებას, ჩვენთან კი თვეში 20 ათასი ტონის რეალიზებაა შესაძლებელი. ამ პროცედურებზე ვართ ახლა გაჩერებულები, ვარწმუნებთ, რომ 5 ათასს ტონამდე შემცირდეს და თუ მოხდა ეს, ამის ათვისებას საქართველოს ბაზარი შეძლებს.
რაც შემიძლია ღიად განვაცხადო, ის არის, რომ ეს დღეს არსებულ რუსულ საწვავთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულ ფასს მოგვცემს. ეს ჩანაცვლების ალტერნატიული წყარო იქნება, ვინაიდან გაცილებით უკეთესი ფასი იქნება. ფასთან მიმართებით დეტალებს ჯერ ვერ გავასაჯაროებ.
გასულ წელს შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კომიტეტი, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა მუჰამედი იბრაჰიმი, რომელიც საუდს არაბეთიდან ნავთობის ნაწილში ძირითად საერთაშორისო ვაჭრობის ნაწილს კურატორობს. ეს პიროვნება ახლაც აქ იმყოფება და პროცესი მიმდინარეა. კვირის ბოლომდე ამ მხრივ სიახლეები გვექნება. მთავარია, რომ 5 ათასი ტონის შემოტანაზე შეთანხმება მოხდეს“, – განაცხადა ცირდავამ.
ინფორმაციისთვის, 15 თებერვალს თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ფორუმი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით ჩატარდა და მას 100-ზე მეტი საუდური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია გამართა. სააგენტოს დირექტორის თქმით, დღესდღეობით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი საქართველოში 100 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ისეთი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია.
სამომავლო თანამშრომლობასა და პოტენციალზე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს საუდის არაბეთისთვის დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მსგავსი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, თანამშრომლობის შესაძლებლობა ბევრ სექტორში არსებობს.