სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე – ტყიანი ტერიტორიის ისეთი სახის დანაკარგი, რაც ევროპის კონტინენტზე ან სხვა ტერიტორიებზე თვალშისაცემია, საბედნიეროდ, დღეს საქართველოში არ გვაქვს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ტყის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული მონაცემების თანახმად, საქართველოს ტერიტორიის 44,7% ტყით არის დაფარული, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ამ მხრივ, საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალში შედის.
როგორც ნათია იორდანიშვილმა განაცხადა, ტყის ეროვნული აღრიცხვა გასულ წელს დასრულდა, რის შესახებ ანგარიში გამოქვეყნებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზეც. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ტყის მდგომარეობა სრულად არის შეფასებული და დაზუსტებულია მისი მახასიათებლები. ამასთან, ნათია იორდანიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ტყის 34% დეგრადირებულია, რაც მოულოდნელი არ ყოფილა.
„ქვეყნის ტყის 34% დეგრადირებულია სხვადასხვა მიზეზით. ეს გახლდათ ათეული წლების განმავლობაში გადაჭარბებული ექსპლუატაცია, ასევე უნდა აღინიშნოს კლიმატის ცვლილებების უარყოფითი ზეგავლენა, ტყის ხანძრები და ა.შ. თუმცა ეს მაჩვენებელი ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ყველაზე კარგი არის ის, რომ ასეთი სახის შეფასებამ უკვე კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველი შექმნა.
რაც შეეხება დეგრადაციას, ჩვენი ტყის ტერიტორიაზე არის კრიტიკული მონაკვეთები, სადაც ნიადაგის ეროზია ან ისეთი სახის პროცესები შეინიშნება, როდესაც ტყე თავის დაკისრებულ ეკოლოგიურ ფუნქციას სრულფასოვნად ვერ ასრულებს და მას აუცილებლად სჭირდება დახმარება და ჩარევა, თუმცა, ტყიანი ტერიტორიის ისეთი სახის დანაკარგი, რაც ევროპის კონტინენტზე ან სხვა ტერიტორიებზე თვალშისაცემია, საბედნიეროდ, დღეს საქართველოში არ გვაქვს“, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა „კვირის“ პრესკლუბში.
მისივე თქმით, ეროვნული სატყეო სააგენტო 2013 წლიდან ცდილობს, რომ ტყის აღდგენის მასშტაბები გაზარდოს. 2013 წლამდე კი ჯამში, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ამგვარი სამუშაოები 100 ჰა-ს არ აღემატებოდა. იორდანიშვილის განმარტებით, ამის შემდგომ კი, სამწუხარო გარემოებების გამო სამუშაოების საწყისი წერტილი იყო ბორჯომის ხეობა, ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამ ადგილზე კი, სატყეო სააგენტომ გააქტიურა ტყის აღდგენის სამუშაოები.
„ამ წლიდან, ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად, არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროები შესაბამისად დავაკმაყოფილოთ ჩვენი სამუშაოების მასშტაბები, არამედ საერთაშორისო ვალდებულებებსაც ვუპასუხოთ და გადავაჭარბოთ კიდეც“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მისი თქმით, სამუშაოების ჩატარება მიმდინარე წელსაც არის დაგეგმილი, სატყეო სააგენტოს გააჩნია გრძელვადიანი სამიზნე მაჩვენებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით 2030 წლამდე არანაკლებ 20 ათასი ჰა-მდე უნდა იყოს ტყის აღდგენის სამუშაოები ჩატარებული.
რაც შეეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, ნათია იორდანიშვილის თქმით, ეს საკითხი კვლავ რჩება გამოწვევად. მისვე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამკაცრდა ადმინისტრაციული ჯარიმა და 2 000 ლარი გახდა, განმეორების შემთხვევაში 5 000 ლარია.
„ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხდება მიყენებული ზიანის დაანგარიშება და 1000 ლარზე უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. დღის წესრიგშია სანქციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება“, – განაცხადა იორდანიშვილმა.