„ახალი წელი ჩვენთვის კიდევ უფრო გამორჩეული იყო, რადგან სასტუმრომ 100%-იანი დატვირთვით იმუშავა“, – ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმრო Biltmore Hotel Tbilisi-ის გაყიდვების დირექტორმა, მარიამ ქუთათელაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ახალ წელს Biltmore Hotel Tbilisi-ში სამი ღონისძიება ჩატარდა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ახალი წლის პერიოდში სასტუმრო პაკეტებს ყიდდა, რომელიც საახალწლო ვახშამსა და ოთახში განთავსებას მოიცავდა. თუმცა ასევე შესაძლებელი იყო მხოლოდ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებაც, რაზეც ცალკე პაკეტები იყიდებოდა.
„საახალწლო ღონისძიება ძირითადად უცხოელი სტუმრებით იყო დატვირთული. ხოლო, ადგილობრივი სტუმრები, ძირითადად რესტორნებში იყვნენ გადანაწილებული, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა თბილისის სასტუმროებში ნაკლებად რჩებიან და მხოლოდ გართობის მიზნით გვსტუმრობდნენ.
იანვარში ჩვენ საახალწლო-გასართობი ღონისძიება აღარ გვაქვს და ზოგადად, ეს თვეც არ არის აქტიური. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები ახალ წელს აღნიშნავენ, ხოლო შემდეგ ისვენებენ. თვის ბოლოს, პატარა საქმიანი ღონისძიებებია დაგეგმილი, როგორიცაა პრესკონფერენციები და ა.შ.
ხშირად, ჩვენს სასტუმროზე წარმოდგენა აქვთ, რომ სტუმრები მხოლოდ არაბული ქვეყნებიდან გვყავს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო პერიოდში, გააქტიურებულია ისრაელი, თურქეთი, ინდოეთი, იაპონია და ევროპა, კერძოდ გერმანია. ამასთან, გააქტიურებულია აშშ-იც“,- აცხადებს ქუთათელაძე.
რაც შეეხება ფასებს, გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს, რომ 2023 წელს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო 2019 წელთან შედარებით 10%-ით ფასების ზრდა მოუწიათ. მისივე თქმით, სასტუმროში სერვისის მიწოდება დოლარებში ხდება, შესაბამისად, კურსის ცვლილება მომსახურების ფასზე ლარებში პირდაპირ აისახება.
როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს, სექტორში კარგი კადრების პრობლემაა, რისი მიზეზიც კოვიდი გახდა. შესაბამისად, მათი 2024 წლის მიზანი ბევრად უკეთესი და პოზიტიური გარემოს შექმნაა, რათა არსებული კადრების შენარჩუნება მოხდეს.