სასამართლო საბჭოთა ცირკად, მოსამართლეები კი მოქეიფე გვამებად აქციეს – ეკა დემეტრაძე

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან შეკრებილი საზოგადოების წინაშე მსახიობმა ეკა დემეტრაძემ ხელისუფლებაზე და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტზე იერიში მიიტანა.
სცენაზე გამოსულმა ეკა დემეტრაძემ მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ხელოვანების წინააღმდეგ მოწყობილ სისხლიან ანგარიშსწორებაში ჩართულ პოლიციელებსა და ტურების ხროვას შორის ტოლობის ნიშანი დასვა.
მსახიობმა საპროტესტო მანიფესტის წაკითხვის დროს “ქართული ოცნება” ბინძური პროპაგანდისტული მანქანის შექმნასა და ამუშავებაში ამხილა, ხოლო სასამართლო სისტემა “საბჭოთა ცირკად” შერაცხა.
“სამართლიანობის აღდგენის ასე ძლიერ რომ არ ეშინოდეთ, მოსამართლეებს ყურზე კვერცხის ცილა ჩამოკიდებულ მოქეიფე გვამებად არ გადააქცევდნენ” – განაცხადა ეკა დემეტრაძემ.
ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენი რომ არ იყოს, არავინ შეეცდებოდა მის წართმევას. ჩვენი ხმა რომ არ ესმოდეთ, არ შეეცდებოდნენ მის ჩახშობას. ცამდე მართლები რომ არ ვიყოთ, არ დასჭირდებოდა ამდენი ტყუილი, ბინძური პროპაგანდისტული მანქანის შექმნა და შემდეგ ამუშავება. ჩვენ ერთად დგომას უზარმაზარი ძალა რომ არ ჰქონდეს, ბინძური მეთოდებით მთელი ქვეყნის დაქუცმაცებას არ შეეცდებოდნენ. ერთმანეთი ასე ძლიერ რომ არ გვიყვარდეს, არ დაგვიწყებდნენ სიძულვილის ენით საუბარს. თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები რომ არ ვიყოთ, არ დაგვარქმევდნენ უსამშობლოს და რადიკალს. ახალგაზრდობა ასეთი გონიერი, ლაღი და მშვენიერი რომ არ იყოს, არ შეეცდებოდნენ მათ გაშავებას, სატანისტების, გარყვნილების, ათასი ბინძური რამის დარქმევას და დამცირებას. სტუდენტებს უზარმაზარი ძალა რომ არ ჰქონდეთ, გასაცოდავებული რექტორები არ შეეცდებოდნენ, სამარცხვინო მეთოდებით უნივერსიტეტის შენობიდან თქვენს გაძევებას, გაყინვას. სამართლიანობის აღდგენის ასე ძლიერ რომ არ ეშინოდეთ, არ გადააქცევდნენ სასამართლო შენობას საბჭოთა ცირკად და მოსამართლეებს ყვირილის ფონზე ყურზე კვერცხის ცილა ჩამოკიდებულ მოქეიფე გვამებად. პოლიციელებს ღირსება შელახული რომ არ ჰქონდეთ, არ შეეშინდებოდათ დროშების, შეშინებული ტურების ხროვასავით არ დაესეოდნენ მარტო მდგარ გოგოს, ან ბიჭს საცემად”, – ამბობს ეკა დემეტრაძე.