ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, როგორ და რატომ აირჩიეს ის თავმჯდომარედ, რა უთქვამს და რა გაუკეთებია წარსულში? – ყველა მნიშვნელოვან დეტალზე ამ სტატიაში ვწერთ.
თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისია საქმეს ბოლომდე მიიყვანს და დაასკვნის, რომ წინა ხელისუფლებამ მაგალითად, „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია“, „ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას“, ხელისუფლების „ძალადობით შეცვლას ცდილობს“, (ამონაწერი კანონის მუხლიდან – რ.თ) ეს იქნება მწვანე დროშა „ქართული ოცნებისთვის“, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს: „ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების“ არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვოს, ანუ აკრძალოს.
სცენარის ასე განვითარების შემთხვევაში, რასაც ხელს ჯერჯერობით არაფერი უშლის, სარჩელის ავტორებს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია დახვდებათ, რომელმაც ახლახან ჩაანაცვლა მერაბ ტურავა.
თავად ტურავა სასამართლო სისტემიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
რევაზ ნადარაიას თავმჯდომარედ არჩევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ 16 აპრილს პრესრელიზი გაავრცელა. ის დახურულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით და 5 წლის ვადით აირჩიეს – შესაბამისად, უცნობია, რამდენმა მოსამართლემ დაუჭირა მას მხარი. კენჭისყრაში პლენუმის 8 წევრი მონაწილეობდა, ერთი თავად ნადარაია იყო.
ერთ-ერთი ვინც, რევაზ ნადარაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეა.
მან თავისი არჩევანის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ სატელეფონო ინტერვიუში უთხრა და დაამატა: „მხოლოდ ერთი მსურველი იყო, სხვა არცერთ მოსამართლეს არ დაუყენებია თავისი კანდიდატურა“.
საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა წევრია. მათგან სამს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს – უზენაესი სასამართლო, სამს კი – პარლამენტი. თავმჯდომარეს 5 წლით ირჩევენ, მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა 10 წელია.
