საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სთხვოს განმარტებას, შეეხება თუ არა მედიას ტელეფონების აკრძალვა სასამართლოს შენობებში.
„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 28 ივნისიდან სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო და ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალულია. თუმცა ჟურნალისტებს დღემდე აქვთ საშუალება, სასამართლოს შენობაში შეიტანონ მობილური ტელეფონები და ლეპტოპები და სასამართლო სხდომები ფოტო და ვიდეოგამოსახულების და ხმის გარეშე, ლაივ რეჟიმში, ტექსტური სახით გააშუქონ.
ჟურნალისტები დიდ ძალისხმევას იღებენ იმისთვის, რომ აუდიტორიამ მათ რეპორტაჟებში ფოტო და ვიდეო გამოსახულებისა და ხმის დანაკლისი ნაკლებად იგრძნოს. ამის გაკეთებას ჟურნალისტები სიზუსტის ასე ზედმიწევნით დაცვითა და ისეთი მაღალი ოპერატიულობით ვეღარ შეძლებენ, თუკი მათ სასამართლოს დარბაზებში მხოლოდ კალმისა და ფურცლის გამოყენების უფლებას დაუტოვებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება საზოგადოებას მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას დააკარგვინებს“, – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განხადების ფონია სასამართლოების აღჭურვა სპეციალური კარადებით, რომლებიც ტელეფონების შესანახი დანომრილი და საკეტიანი სათავსოებით არის აღჭურვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებით, სასამართლოს მანდატურს აქვს უფლება, არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩანაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა. დადგენილება აკონკრეტებს, რომ ამგვარ საშუალებებში მოიაზრება მობილური ტელეფონიც.
იმ შემთხვევაში, თუკი შეზღუდვა მედიაზე გავრცელდა, სასამართლო დარბაზებიდან შეუძლებელი გახდება რეალურ დროში რეპორტაჟების გაკეთება, სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობა საზოგადოებისთვის და გართულდება სიზუსტის დაცვა. გარდა იმისა, რომ ეს ინიციატივა ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის რისკებს ქმნის, აჩენს კითხვებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც – ჟურნალისტების ელექტრონული მოწყობილობების გადაცემა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ რამდენიმე საათით, კიბერრისკებს ზრდის.
ფორუმი




