თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც 23 საათის განმავლობაში იხილავდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრებს არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევასთან დაკავშირებით, არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საჩივრებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით, გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი განიხილავდნენ.
სააპელაციო სასამართლომ 26 საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა — იურისტების შეფასებით, ეს ხელოვნურად მოხდა. 26-დან 12 საქმე საიას მიერ იყო შეტანილი და ეხებოდა აღმოსავლეთ საქართველოში ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობას. 150-მდე უბნის ბათილად ცნობას ეხებოდა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ დანარჩენი 14 საჩივარიც.
სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი პირველ ინსტანციაში, რომელმაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებები და არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილების გამოტანამდე საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მიმდინარე პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომა ყველა სტანდარტს მიღმა იყო.
„რამდენჯერმე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მომხდარიყო ამ საქმეების გამიჯვნა, მაგრამ ეს შუამდგომლობები სასამართლომ არ დააკმაყოფილა. […] როდესაც ვკითხეთ, რატომ გააერთიანეს ეს საქმეები, დიმიტრი გვრიტიშვილმა, ერთ-ერთმა მოსამართლემ სამიდან, რომელიც იხილავს საქმეს, განგვიმარტა, რომ ეს იყო გაკეთებული იმ მიზნით, რომ რამდენადაც სააპელაციო სასამართლო არის ბოლო ინსტანცია საარჩევნო დავებზე, მოსამართლეები არ შეიძლება, რომ ერთი და იმავე კატეგორიის საქმეებზე სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებდნენ“, — თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
ნეტგაზეთთან პროცესის მიმდინარეობას აფასებს საერთაშორისო გამჭვირვალობის, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი თამთა კახიძეც და ამბობს, რომ სასამართლოს სასათბურე პირობები ჰქონდა შექმნილი ცესკოს წარმომადგენელთათვის.
„ყველანაირი პრინციპის დარღვევით მიმდინარეობდა სხდომა. არცერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა. სამაგიეროდ, დააკმაყოფილეს მეორე მხარის შუამდგომლობები. მაგალითად, ჩაატარეს ექსპერიმენტი და სასათბურე პირობები შეუქმნეს და ყველაფერი შეუსრულეს, რაც მოითხოვა მეორე მხარემ [ცესკოს წარმომადგენლებმა].
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ფარულობა რომ ირღვეოდა, დადასტურდა აქაც, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ შეაცურა ეს ბიულეტენი თავისი ხელით და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, სად იყო მონიშვნა გაკეთებული. ყველამ დავინახეთ, მაგრამ ის ამას არ აღიარებს“, — ამბობდა თამთა კახიძე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ISFED-ის არცერთი საჩივარი და გააუქმა გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის გადათვლის შესახებ.
ვინ არის დიმიტრი გვრიტიშვილი, რომლის აცილებასაც ითხოვდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების იურისტები, იხილეთ აქ:
· საარჩევნო დავებს “სასამართლო კლანის” წევრად მოაზრებული დიმიტრი გვრიტიშვილიც განიხილავს
ასევე ნახეთ:
· „მოსამართლემ, არ აქვს მნიშვნელობა, რა დავინახეთო“ – იურისტი სააპელაციოში ხმის ფარულობის პროცესზე