დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ შეწყვიტა ფოტორეპორტიორ გიორგი თარხნიშვილის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული დევნის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოტორეპორტიორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ტროტუარზე დგომის გამო. საუბარია 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე გამართულ აქციაზე, რა დროსაც თარხნიშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 19 მარტს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ასევე შეწყვიტა რადიო თავისუფლების ოპერატორის, ზუკა ხიდაშელის საქმე. შსს მასაც 2025 წლის 18 დეკემბერს, ტროტუარზე დგომას ედავებოდა. ხიდაშელიც, თარხნიშვილის მსგავსად, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.დღეს, 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე განიხილავს ნეტგაზეთის ჟურნალისტ მარიამ ძიძარიას და მედიაჩეკერის ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის საქმეებს. ორივე ჟურნალისტს ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება იმის გამო, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.



