სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ისტორიკოსის და ნუმიზმატის, მაია პატარიძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან. ის რეორგანიზაციის ფარგლებში 2022 წლის 24 მაისს ოც კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს სამსახურიდან.
სასამართლომ ეროვნულ მუზეუმს ყოფილი თანამშრომლისთვის განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა მაია პატარიძის ინტერესებს სასამართლოში.
როგორც თავად მაია პატარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მის საქმეს საქალაქო სასამართლო თითქმის ერთი წლის განმავლობაში განიხილავდა.
მაია პატარიძე არის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ილიას უნივერსიტეტის ლექტორი. ეროვნულ მუზეუმში ის მუშაობდა 2004 წლიდან – გათავისუფლებისას იყო ნუმიზმატიკური კოლექციების უფროსი კურატორი. მისი კურატორობით არის მოწყობილი სვანეთის, ახალციხის, მარტვილის, ლეჩხუმის, გორის, სტეფანწმინდის მუზეუმების ნუმიზმატიკური გამოფენები.
ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ შრომითი დავა უკვე მოგებული აქვს ათზე მეტ ყოფილ თანამშრომელს – სასამართლოს განსახილველი აქვს ათობით სხვა საქმეც.
ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მუზეუმის მმართველი ორგანოს, დირექტორატის წევრი და გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა მინისტრ ს მიერ ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დანიშნული ნიკა ახალბედაშვილი. ის კულტურის სფეროში გადაყვანამდე ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას, საკანონმდებლო მაცნეს. სწორედ ნიკა ახალბედაშვილი აწერდა ხელს ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებებს – მანვე რეორგანიზაციის გამოცხადებამდე შეუჩერა სამეცნიერო გრანტების უფლება მუზეუმის თანამშრომლებს.
ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციას წინ უსწრებდა რეორგანიზაცია ხელოვნების მუზეუმში და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში – ორივე უწყებიდან ათობით ადამიანია გათავისუფლებული. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ