სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან

დღეს, 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია თემურ შარიქაძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან.
სასამართლომ გააბათილა თემურ შარიქაძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ეროვნულ მუზეუმს დააკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და სამიათასლარიანი კომპენსაციის გადახდა.
სასამართლომ მუზეუმს ვერ დააკისრა თემურ შარიქაძის სამსახურში აღდგენა, ვინაიდან, როგორც მისი ინტერესების დამცველები აცხადებენ, „საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ“ შესაბამისი შტატი აღარ არსებობს.
გასულ კვირაში სასამართლომ უკანონოდ ცნო მაია პატარიძის გათავისუფლება ეროვნული მუზეუმიდან რეორგანიზაციის მოტივით.
თემურ შარიქაძე ეროვნულ მუზეუმში 44 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის რეგიონული მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვის მართვის სექტორს ხელმძღვანელობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თემურ შარიქაძემ თქვა, რომ მას გათავისუფლების მიზეზად “არაკვალიფიციურობა” დაუსახელეს და „საზიზღარი სიტყვა [მითხრეს], დესტრუქციულ ძალებთან თანამშრომლობა“.
„თითქოს ჩვენ ქვეყნის დანგრევას ვაპირებდით… თითქოს ჩემს დროს იკარგებოდა ექსპონატები და მე ხელს ვაფარებდი ამას. მსგავსი არაფერი არ ყოფილა“, – თქვა თემურ შარიქაძემ.
ის სამსახურიდან 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს 21 თანამშრომელთან ერთად.
ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ შრომითი დავა უკვე მოგებული აქვს თხუთმეტზე მეტ ყოფილ თანამშრომელს – სასამართლოს განსახილველი აქვს ათობით სხვა საქმეც.
ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მუზეუმის მმართველი ორგანოს, დირექტორატის წევრი და გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა მინისტრ ს მიერ ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დანიშნული ნიკა ახალბედაშვილი. ის კულტურის სფეროში გადაყვანამდე ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას, ‘საკანონმდებლო მაცნეს”. სწორედ ნიკა ახალბედაშვილი აწერდა ხელს ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებებს – მანვე რეორგანიზაციის გამოცხადებამდე შეუჩერა სამეცნიერო გრანტების უფლება მუზეუმის თანამშრომლებს.
ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციას წინ უსწრებდა რეორგანიზაცია ხელოვნების მუზეუმში და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში – ორივე უწყებიდან ათობით ადამიანია გათავისუფლებული. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ