სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის აქციის ოთხ მონაწილეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 4 ოქტომბრის, ორგანიზატორთა თანახმად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ გამართული აქციის ფარგლებში დაკავებულებს თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას.
მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების ჯგუფურად მცდელობას ედავებიან.
დღევანდელ, 8 ოქტომბრის სასამართლო სხოდმაზე დაკავებულების ადვოკატებმა დიმიტრი ვარდიაშვილმა და მარიამ ჩხეიძემ მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომალობა დააყენეს. საჯაროდ ცნობილია, რომ მოსამართლე ლელა მარიდაშვილი 2017-2023 წლებში იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდგომ პირველი მოადგილე; წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“.
„თქვენ წინასწარ გაქვთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენ ეს ვიცით, შეუძლებელია იმ პირების მიმართ პატიმრობას უჭერდეს მხარს მოსამართლე და ამ საქმეზე ობიექტური იყოს..საერთოდ გამორიცხულია მსჯელობა, რომ იქ თუ პატიმრობას გამოიყენებთ, აქ არ გამოიყენებთ“, – თქვა ადვიკატმა.
მოსამართლე, ლელა მარიდაშვილმა აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „თოთოეული საქმე არის ინდივიდუალური და არა მხოლოდ საქმე, ერთსა და იმავე საქმეზე სხვადასხვა ბრალდებულთან მიმართებით მოსამართლემ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა გადაწყვეტილება… სასამართლოს ნამდვილად არ უფიქრია, როცა ეს საქმე მე დამეწერა, ეს იყო აცილების საფუძველი, არანაირი ინტერესი არ მაქვს…დაცვის მხარის შუამდგომლობა უსაფუძვლოა. არ ვაკმაყოფილებ”, – თქვა მან.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობას მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა იკითხა, ხომ არ დაირღვა დაკავებისას ბრალდებულების უფლებები. რაზეც ერთ-ერთმა ბრალდებულმა თორნიკე მჭედლიშვილი მოჰყვა
„გურჯაანიდან წამომიყვანეს, როცა მიმიყვანეს მთავარ სამმართველოში თუ არ ვცდები დგებუაზეა ვის კაბინეტშიც ვიყავი, თუ რამე ენაზე მოადგათ ყველაფერი მითხრეს, გინება, მუქარა, ბოდიში და გიხმართო… ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“.
პროკურორი: რეალურად აღიქვით თუ არა მუქარა?
თორნიკე მჭედლიშვილი: მემგონი კომედი შოუში არ ვყოფილვარ…პოლიციაში ვიყავი… ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა იყო და შეურაცხყოფა…
პროკურორი: მოვახდენთ რეაგირებას”.
სასამართლოზე პროკურატურა პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გამოდიოდა.
თორნიკე მჭედლიშვილსა და აბო ნავერიანს ადვიკატები 6 ათასლარიანი გირაოს შეუფარდების შუამდგომლობას აყნებდნენ, დავით სტურუას ადვიკატი 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის თქმით, სახეზეა პატიმრობის გამოყენების, როგორც ფაქტობრივი ისე ფორმალური საფუძვლები. მისივე განცხადებით სახეზეა – დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკიც.
„მოგეხსენებათ ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და ხასიათი, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფურ ძალადობაში.. ბრალდებულებმა დროის მცირე მონაკვეთში ჩაიდინეს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ეცადნენ სტარტეგიული ობიექტების ბლოკირებას, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიატენეს პოლიციელებს”, -თქვა პროკურორმა და დაამატა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის რისკიც.
საბოლოოდ მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრება და დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა.
ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 23 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, 18 აქტივისტი, ხუთს აქციის ორგანიზატორობას ედავებიან. -ს ცნობით, კიდევ სამი ადამიანი მიმალვაში იმყოფება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.
ფორუმი