სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კორცხელში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 51 წლის გოჩა შოხაძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოცემულ საქმეში მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გათვალისწინებით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
როგორც პროკურორმა ანა არონიამ, სხდომაზე აღნიშნა, გოჩა შოხაძემ 23 მაისს ეჭვიანობის ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ცოლი, მიაყენა რა ბლაგვი საგნით თავის არეში არაერთი დაზიანება. მისივე თქმით, ქალის სხეულზე დაფიქსირებულია სხვა დაზიანებებიც რაც მიუთითებს, რომ შესაძლოა მასზე მანამდეც ძალადობდა ქმარი.
თავად ბრალდებულმა სხდომაზე აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
მოსამართლის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს დამნაშავედ, დაკავებულმა აღნიშნა: “მხოლოდ ცემაში ვგრძნობ თავს დამნაშავედ. განზრახ მკვლელობაში არა”.
ბრალდებულის ადვოკატი მთვარისა ბიგვავა ასევე ამბობს, რომ გოჩა შოხაძეს არ ჰქონია მეუღლის მოკვლის განზრახვა, რასაც ადასტურებს, ის რომ ბრალდებული ცოლის, ფატიმა კოდუას ცემის შემდეგ დაუკავშირდა ნათესავს და უთხრა რაც ჩაიდინა – როგორ სცემა ქალს და სად დატოვა ის. სწორედ ამ ზარის შემდეგ ნათესავმა გამოიძახა სამედიცინო დახმარება.
ადვოკატმა სხდომაზე ასევე თქვა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ცნობა თითქოს, ბრალდებულმა მიმალვა სცადა. მისი მტკიცებით, ის თავად მივიდა პოლიციაში, “დაბნეულობის გამო ფეხით და არა ავტომანქანით”.
“ბრალდებული იაზრებს ტრაგედიას, რაც დღეს მათ ოჯახში ტრიალებს… ამასთან მათ ჰყავთ ორი შვილი… ამიტომ მხარს უჭერს მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას”, – განმარტა ადვოკატმა.
საქმის არსებითი განხილვა 19 ივნისს დაინიშნა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ “23 მაისს, ზუგდიდში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს ჩაქუჩით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა”.
გოჩა შოხაძე 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება ედება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით, ბრალდება სასჯელად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში შვიდი ქალი მოკლეს.
*თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006
ფორუმი