სასამართლომ ისევ გადადო გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე გადაწყვეტილება

უკვე მეორე სხდომაა, მოსამართლე კობა ჩაგუნავა გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებული ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის საქმეს განიხილავს, რომელიც 3 ნოემბერს რუსთაველზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, თუმცა მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. საქმე კიდევ ერთხელ გადაიდო, ჯერჯერობით უცნობ თარიღამდე.
ნინია კაკაბაძეს, აქციიდან უკვე სახლისკენ მიმავალს, ჭიჭინაძის ქუჩის ბოლოში, საკუთარი მანქანაში მჯდომს გზა გადაუკეტეს და დააკავეს. ჟურნალისტი იზოლატორში არ დაუტოვებიათ და იმავე ღამეს გაათავისუფლეს. თუმცა, ამტკიცებს, რომ ის რუსთაველზე, სწორედ გზის გადაკეტვისას დააკავეს.
„მე პროტესტის აქტიური მონაწილე ვარ, როცა მიკეთია პრესის ნიშანი, ვასრულებ პროფესიულ მოვალეობას. როდემდე უნდა ვიწვალოთ ამათი ტაკიმასხარაობის გამო. ან შეცდომით დამიჭირეს, ან ჩემს შესაშინებლად. ახლა კვირებზე უნდა გაიწელოს, რა გადაწყვეტილება იქნება. ეს არის ტერორი, რასაც ეს ვაჟბატონი [შსს-ს წარმომადგენელი ბუბა ნაჭყებია] და ის ინსტიტუცია, რომელსაც წარმოადგენს, ახორციელებენ. წარმოადგინონ ამ მტკიცებულებები, ან დამანებონ თავი!“ — თქვა დღეს სასამართლოში ნინია კაკაბაძემ მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ ერთი სხდომა იქნებოდა საჭირო.
შსს-მ სცადა მოეხსნა მის მიერვე მოწმედ და ნინია კაკაბაძის დამკავებლად დასახელებული პატრულ-ინსპექტორი ქეთევან კბილცეცხლაშვილი. ნინია კაკაბაძის თქმით, მის დამკავებელ პოლიციელებს შორის ქალი არცერთი ყოფილა. შსს-მ ასევე სცადა, რომ კბილცეცხლაშვილის მოწმედ დაკითხვის ნაცვლად მისი სამხრე კამერის ჩანაწერი გამოეკვლია სასამართლოს, სადაც მათი თქმით, ასახულია, როგორ არ ასრულებს ნინია კაკაბაძე პროფესიულ მოვალეობას. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამხრე კამერის ჩანაწერი საქმეს დაურთო, თუმცა ქეთევან კბილცეცხლაშვილი დასაკითხ მოწმეთაგან არ ამორიცხა.
ქეთევან კბილცეცხლაშვილი სასამართლოში არ გამოცხადებულა. შსს-ს წარმომადგენელ ნაჭყებიას თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ის მომდევნო სხდომაზე დაიკითხება.
„ქალბატონი ნინია კაკაბაძე იმყოფებოდა აქციის მონაწილეებთან ერთად გზის სავალ ნაწილზე. მას შემდეგ, რაც პატრულ-ინსპექტორებმა დაიწყეს ღონისძიება, რომ აღედგინათ მოძრაობა, ქალბატონი ნინია კაკაბაძე ისევ იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე, მოუწოდეს, გადასულიყო. ამ ეტაპზე, შსს თვლის, რომ როდესაც ის იმყოფებოდა გზის სავალ ნაწილზე, არ ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და უნდა იქნას ცნობილი სამართალდამრღვევად“, — განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ბუბა ნაჭყებიამ პირველ სხდომაზე 4 ნოემბერს.
რა თქვა სასამართლოში ნინია კაკაბაძემ: „ძალიან მაინტერესებს, პირველად როცა დამაჯარიმეს, გავასაჩივრე და დააკმაყოფილეს, ეხებოდა 3 მარტის ე.წ. სამართალდარღვევას, თითქოს გადავკეტე გზა. იმავენაირად ვმუშაობდი, როგორც გუშინ. შეგიძლიათ მითხრათ, რა სხვაობა იყო 3 აპრილსა და 3 ნოემბერს ჩემს მუშაობაში?! როცა ასეთ საქმეებს კერავთ, პატივი გვეცით და მეტად მოემზადეთ! რუსთაველზე მე არ დავუკავებივარ პოლიციას. ამის კადრები არსებობს საბედნიეროდ. მოდის პოლიცია და მეც, დანარჩენ ხალხთან ერთად, უკან-უკან მოვდივარ, თან ვიღებ. მესმის, რომ ჩვენ პატივს არ გვცემენ, რომ მოიძიონ მტკიცებულებები, მაგრამ საკუთარ თავს მაინც სცენ პატივი.“
ბუბა ნაჭყებიას და შსს-ს წარმოდგენით, რაწამს ჟურნალისტი წყვეტს გადაღებას, იმ მომენტიდან ის დემონსტრანტია, არა ჟურნალისტი და ნინია კაკაბაძე იმიტომ დააკავეს, რომ ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა მუდმივად.
გარდა იმისა, რომ ნინია კაკაბაძე ჟურნალისტია და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას აქციაზე, მას ჰყავს 12 წელს მიუღწეველი შვილი. შესაბამისად, დაპატიმრებას არ ექვემდებარება. თუ მოსამართლე ჩაგუნავა მას სამართალდამრღვევად ცნობს, მას შეიძლება დაეკისროს ჯარიმა, ან სასამართლო შემოიფარგლოს სიტყვიერი შენიშვნის მიცემით. თუმცა ნინია კაკაბაძის ადვოკატი ილონა დიასამიძე ითხოვს სასამართლოსგან სამართალწარმოების შეწყვეტას და ზოგადად, ჟურნალისტების დევნის შეწყვეტას.
როგორც შსს-ს, ისე ნინია კაკაბაძისა და მისი ადვოკატის, ილონა დიასამიძის მხრიდან წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებდა, რომ ნინია კაკაბაძე რუსთაველზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა. ეს დაადასტურა ქეთევან კბილცეცხლაშვილის სამხრე კამერის ჩანაწერმაც.
„10-წუთიანი, კარგი, 5-წუთიანი მონაკვეთი მაინც მაჩვენეთ, სადაც მე უსაქმოდ ვდგავარ. მაგრამ თქვენ როგორ გესმით ჟურნალისტური საქმიანობა? 10-დღიან პროტესტს რომ აშუქებდე, 10 დღე, 24 საათის განმავლობაში კამერა უწყვეტად ჩართული უნდა გქონდეს?“ — მიმართა ნინია კაკაბაძემ შსს-ს წარმომადგენელს.