სასამართლომ თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ანა ქავთარაძეს – ფულადი ჯარიმა

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო პარტია “ახალის” წევრი ანა ქავთარაძე 5000 ლარით დააჯარიმა.
ბრალდების მხარემ პროცესზე აღნიშნა, რომ 173-ე მუხლში 2025 წლის თებერვალში გაჩენილი დამატება ამტკიცებს, რომ თორნიკე სხვიტარიძემ და ანა ქავთარაძემ პოლიციელ მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეს.
“მიუხედავად იმისა, რომ მირიან ქავთარაძე სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა სასამართლოში, ანი ქავთარაძემაც და თორნიკე სხვიტარიძემაც იცოდნენ, რომ ის იყო პოლიციელი”, – ითქვა სასამართლო პროცესზე.
-ს მტკიცებით, ანი ქავთარაძე მირიან ქავთარაძეს დარბაზს გარეთ ეძახდა მშიშარას, მხდალს, მონას, ქავთარაძეების გვარის სირცხვილს. თორნიკე სხვიტარიძე ეძახდა ტიტუშკას, მონას, მწვალებელს…
შსს-ს წარმომადგენელმა თამთა ქიმბარაშვილმა გამოიყენა ფორმულირება „ჯგუფური დადევნება“. მისი თქმით, ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდება და ქავთარაძე/სხვიტარიძე საზოგადოებრივად მიღებულ ეთიკურ ნორმებს ლახავდნენ.
შსს-მ ანი ქავთარაძეს, როგორც 12-წლამდელი ბავშვების დედას პატიმრობა არ შეუფარდა და მხოლოდ ჯარიმა მოითხოვა.
დაცვის მხარემ შსს-ს წარმომადგენლის სიტყვის პასუხად აღნიშნა, რომ, ანი ქავთარაძემ და თორნიკე სხვიტარიძემ იცოდნენ, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელია, მაგრამ ის ყველგან და ყველა სიტუაციაში პოლიციელი არ არის, არ ასრულებს პროფესიულ მოვალეობას.
„რატომ არ გვყავს აქ მირიან ქავთარაძე და რატომ არ ვისმენთ მისგან კითხვებზე პასუხებს?”, – იკითხეს ადვოკატებმა. ადვოკატების მტკიცებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, თუნდაც უსაფუძვლოს, ადგილი არ ჰქონია.
„მირიან ქავთარაძე არის მოძალადე და მოძალადე პოლიციელი ვერცერთ გვარში ვერ იქნება კარგი კაცი. ის გადაკიდებულია სხვიტარიძეების ოჯახს. ჩვენ თუ აქ რამეზე ვიდავებდით, შეგვეძლო გვედავა 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ადვოკატმა, თენგო თევზაძემ.
ინციდენტი, რომელზეც დავა მიმდინარეობდა, მოხდა 17 აპრილს, როცა საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, მირიან ქავთარაძე. დაცვის მხარე და სხვიტარიძის მხარდამჭერები მას ცრუ მოწმეს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება. სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ანი ქავთარაძესა და თორნიკე სხვიტარიძეს სწორედ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.