სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელიც არჩევნებში ჩარევას უკავშირდებოდა, დახურა

სასამართლომ ს წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელიც არჩევნებში ჩარევას უკავშირდებოდა, დახურა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მანამდე სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა სასამართლოს მიმართა, საქმის წარმოება შეეწყვიტა.
განკარგულებაში მოსამართლე ტანია ჩუტკანი დაეთანხმა მოთხოვნას ბრალდებების მოხსნის შესახებ, თუმცა იმ პირობით, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხელახლა წარდგენა ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ.
„საქმის შეწყვეტა შეესაბამება მთავრობის მიდგომას, რომ მოქმედი პრეზიდენტის იმუნიტეტი დროებითია და მისი თანამდებობიდან წასვლისთანავე იწურება“, – წერს მოსამართლე.
ამასთან, სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნა, რომ საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას.
„იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციით, კონსტიტუცია მოითხოვს ამ საქმის გაუქმებას ბრალდებულის ინაუგურაციამდე“, – აღნიშნავს სმიტი სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში.
ცნობისთვის, წარსულში დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში ჯეკ სმიტს გაათავისუფლებდა. როგორც მედია აღნიშნავს, 2020 წლის არჩევნებში სავარაუდო ჩარევისა და საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის შესახებ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეები უპრეცედენტოა ამერიკის ისტორიაში.