პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩეველთა სიების გასაჯაროებაზე, ვინც ვერიფიკაცია გაიარა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ითხოვს, ნეიტრალურ პლატფორმას გადაეცეს იმ ამომრჩეველთა სია, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ვერიფიკაცია გაიარა.
„პროკურატურამ საბოლოოდ აიყვანა მძევლად არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – იმ ამომრჩეველთა სიები, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, რომლის გასაჯაროებასაც 29 ოქტომბრიდან ვითხოვდით. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პროკურატურამ სიები ფაქტობრივად დააყადაღა. მანამდე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება ამ მტკიცებულების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე და სიების გასაჯაროებაზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
როგორც პარტია აცხადებს, აშკარად იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა.
„ამაზე მიუთითებს მოვლენების ქრონოლოგიაც: როგორც კი 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. ხოლო როგორც კი 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ამ მტკიცებულების დაცვაზე, პროკურატურამ სასწრაფოდ დააყადაღა მტკიცებულებები. დღეს კი, სასამართლომ ამ არგუმენტზე დაყრდნობით, სარჩელი დაუშვებლად ცნო.
ცესკოს მიერ სიების გასაჯაროების გაჭიანურების და ცესკოს, პროკურატურის და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედების შემდეგ, აღნიშნული სიების ახლა, ან მომავალში გამოქვეყნების შემთხვევაში, უკვე იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი სიებთან დაკავშირებულ შესაძლო მანიპულაციებზე. სიმართლის დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებით იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.