სასამართლომ დავის გადაწყვეტამდე შსს-ს რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლებული -ის თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმეზე სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
რაზმაძემ საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სახალხო დამცველის გადაწყვეტილების შემდეგ, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა დასკვნა რაზმაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოკვლევის საგანი სწორედ გოგა რაზმაძის მიერ დეპარტამენტში არსებული შევიწროვების ფაქტები უნდა ყოფილიყო. სარჩელით რაზმაძე ითხოვს გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
ამავდროულად, რაზმაძემ 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
“იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ დონეზე გოგა რაზმაძის მიერ ინფორმაციის დეტალურად მიწოდებისა და არაერთი მიმართვის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებმა უარი განაცხადეს გამოძიების დაწყებაზე და მომჩივნის განცხადება სწორედ იმ უწყებას გადაუგზავნეს, რომლის თანამშრომელიც მხილებული იყო მომჩივნის მიერ და ამასთან, სახალხო დამცველმა, როგორც უფლებამოსილმა უწყებამ, ვერ დაინახა მამხილებლის სამსახურეობრივი შევიწროვების ფაქტი, გოგა რაზმაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად 2023 წლის 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში, მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა) მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება) ერთობლიობაში, მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება)”. – ვკითხულობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
11 ნოემბერს, გოგა რაზმაძემ დაწერა, რომ “რამდენიმე თვიანი ბრძოლა დასრულდა” და ის შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს, თავის მხრივ კი, გენერალური ინსპექცია დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას.
მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა რაზმაძის საქმის წარმოება შეწყვიტა კოალიციამ თანასწორობისთვის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციელ გოგა რაზმაძის საქმეზე სახალხო დამცველის გადაწყვეტილება შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევებზე არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებს, “რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ განმცხადებელს, არამედ აუარესებს დასაქმებულ პირთა შრომით მდგომარეობას“.
შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსმა გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 12 ივლისს გაავრცელა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და “საქმე გაურჩიეს”.
ამავე დღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატმა გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო.
რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.
28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.
10 აგვისტოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რაზმაძეს მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. რაზმაძემ საგამოძიებოს უპასუხა და დაწერა, რომ თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო სამსახურში და დააფიქსირა მზაობა გამოძიების ფარგლებში დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე. მისივე თქმით, როდესაც მივიდა უწყებაში, გამოძიება ჯერ დაწყებული არ იყო.
30 ოქტომბერს გოგა რაზმაძემ თქვა, რომ მისი საქმის წარმოება ლევან იოსელიანმა შეწყვიტა. მისივე თქმით, სახალხო დამცველმა საქმის განხილვისას არცერთი მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, კერძოდ, არ გამოიკითხა არცერთი მოწმე. ამასთანავე შსს-ს თანამშრომელი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი, რომელიც მოპასუხეს ეკისრება, მას, ანუ განმცხადებელს დააკისრა.
შემდგომ, იოსელიანმა 1 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ რომ ომბუდსმენის მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.