თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა, რომელიც “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ შოთა ქარუმიძეს, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა, 4 წელი და 6 თვე მიესაჯა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
