სასამართლომ გივი თარგამაძესაც 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, 2008-12 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს სასამართლომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა დღეს, 27 ივნისს, 10:30 საათზე.
თარგამაძე, – რომელიც პარლამენტსა და კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევს, – სხდომას არ დასწრებია.
იგი ამჟამად სახლშია და როგორც თქვა, თავად გეგმავს პოლიციაში გამოცხადებას.
8 პოლიტიკოსი ციხეში
გივი თარგამაძე არის უკვე მე-8 პოლიტიკოსი, რომელიც „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა მიესაჯა, ან წინასწარ პატიმრობაშია და დღე-დღეზე ელის განაჩენის გამოცხადებას.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებულები:
· გიორგი ვაშაძე – მას შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; იგი 24 ივნისს დააპატიმრეს.
· მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს – შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
· ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ.
16 ივნისს ცნობილი გახდა, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე. იგი 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ იმყოფება. მისი პარტიის ცნობით, ის თანახმა იყო დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
მეორედ არიან დაბარებულები ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე – დისტანციურად, საპატიმროდან ჩართვით. სავარაუდოდ, ისინი არც ამჯერად გამოცხადდებიან.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თანახმად, შესაძლოა, ხაზარაძისა და გვარამიას წინააღმდეგ კვლავ მიმართონ პროკურატურას.
გამოხმაურებები ბრიუსელსა და ვაშინგტონში
ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას მიმდინარე კვირაში ბრიუსელში გამოეხმაურნენ.
· ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი: „ოპოზიციური ხმების დაპატიმრება წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითიდღე იშლება“;
· ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი: „ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, საპირისპირო იმისა, რაც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება“.
ამასთან, ტელეკომპანია „ფორმულას“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს:
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.
ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი“.
ვინ არის გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჯერ პარლამენტის წევრი (2004-08 წლებში), შემდეგ კი პარლამენტის წევრი და ამავე დროს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო (2008-12 წლებში).
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც პარლამენტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ (2012-16 წლებში). 2017 წელს ენმ-სგან გამოყოფილ „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდა, ეს პარტია კი 2021 წელს დატოვა, – დავით ბაქრაძისა და გივი უგულავას პარტიიდან წასვლიდან მალევე.
ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლამდე ის იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფლების ინსტიტუტის“ – „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი საყრდენი ორგანიზაციის, – საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამების მთავარი კოორდინატორი.
2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე, 4 ოქტომბერს, გივი თარგამაძის ავტომობილი თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე ააფეთქეს. აფეთქება 21:30 საათზე მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ოფისთან ახლოს.
· გამოძიება მაშინ აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს მოქალაქე დარჩო ხეჩუაშვილმა დაამაგრა და შემდეგ მოქმედებაში მოიყვანა;
· აფეთქების შედეგად სიკვდილს გადაურჩნენ გივი თარგამაძე და მისი მძღოლი; რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მძღოლს დღემდე არაერთი ოპერაცია დასჭირდა. მძიმედ დაშავებულთა შორის იყო ასევე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. ხალხმრავალ ადგილას დაშავდნენ გამვლელებიც.
· გივი თარგამაძე და მისი თანაგუნდელები მაშინ მოითხოვდნენ, რომ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცემოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
ფორუმი