სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა, ხოლო ერთს გირაო შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 9 დეკემბერს, (ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტო“-ს და კოოპერატივ ,,რკ ქართულ ბოსტნეულს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო 443 595 ლარით თანადაფინანსების შესახებ. ბენეფიციარი კოოპერატივი „რკ ქართული ბოსტნეული“ ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში, ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში, თავის საკუთრებაში არსებულ 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართობის სასათბურე მეურნეობის მოწყობა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მიმწოდებელი უნდა ყოფილიყო შპს „ელიტმშენი“. ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით შპს „ელიტმშენის“ და ,,რკ ქართულ ბოსტნეულის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გრანტის სახით გამოყოფილ 430 200 ლარს და შეეცადნენ დაუფლებოდნენ 167 918 ლარის ფიქტიური დღგ-ით წარმოქმნილ ზედმეტობას.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჯგუფურად), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ პირს გირაო შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით