სარჯველაძის თქმით, ონკოპაციენტებს კლინიკაში წამლების თავად მიტანა აღარ მოუწვეთ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, რადგან პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი სამკურნალო დაწესებულებაში დახვდება.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დღეს, 4 ივლისს, სამინისტროში, სარჯველაძე ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ონკოპაციენტების თქმით, 8 მარტს გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა, მ, კრიტიკის საპასუხოდ, ონკოპაციენტებს უყვირა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი ონკოპაციენტებს. მაშინ, როცა ჩვენ მას ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს, ერთ-ერთმა ონკოპაციენტმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, ის გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ზრუნვა არ არის ყვირილი”. – თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.
ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს 12 მარტსაც შეხვდნენ, რა დროსაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა “25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხის მოგვარებას”.
25 მარტს ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს და კვლავ ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას.
5 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა.
ონკოლოგიური პაციენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 25 000-ლარიანი ლიმიტის გაუქმება იყო – მათ გასულ თვეებში რამდენიმე აქცია გამართეს.
გარდა ამისა, პაციენტები ითხოვდნენ, რომ:
· დროულად შემოიტანონ ონკოლოგიური მედიკამენტები და პაციენტებს არ უწევდეთ წამლის საძებნელად აფთიაქიდან აფთიაქში სიარული;
· გაიზარდოს იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება – ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც კი არ არის.
18 ივნისს ონკოპაციენტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. მათი თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრები უშედეგო და ფუჭი გამოდგა – ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადად და არასრულად დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მედიკამენტოზური დაფინანსების შესახებ.