„საპენსიო ფონდზე მთავრობის გავლენის გაძლიერება მის მიმართ ნდობას შეამცირებს“- გიორგი კეპულაძე

„პირველ რიგში, ცვლილებების შედეგად მთავრობა იღებს მეტ კონტროლს საპენსიო ფონდზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საინვესტიციო საბჭოში მისთვის მისაღები კანდიდატურები იქნება შერჩეული. შესაბამისად, შემცირდება ნდობა ამ სისტემის მიმართ“,- ასე აფასებს ,,კომერსანტთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფორმებს.
მისი თქმით, ცვლილებები გაზრდის უნდობლობას საპენსიო ფონდის მიმართ, რაც აღნიშნული ფინანსური სისტემისთვის დამაზიანებელი იქნება.
,,საპენსიო ფონდის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ მას საზოგადოების ნდობა უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენს ფულს ინახავს.
ფინანსური სისტემების მიმართ ნდობას განაპირობებს ის, თუ ვის აქვს მასზე კონტროლი. მაგალითად, ეროვნული ბანკის სისტემის შექმნაში თავისი როლი აქვს პრეზიდენტსა და პარლამენტს, შესაბამისად, მის მიმართ ნდობას რად მაღალია.
აღნიშნული რეფორმებით დაგეგმილი ცვლილებები კი საპენსიო ფონდისადმი შეამცირებს ნდობის ხარისხს, იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო ფონდზე მყარდება მთავრობის გავლენა. ფონდის 15 წევრიდან 3-ს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენები კი იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მთავრობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ასე, რომ დამატებითი კითხვები და უნდობლობის გაზრდა თავად საპენსიო სისტემისთვის იქნება დამაზიანებელი“,- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ