საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უქმდება – კანონპროექტი

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები ერთიანდება და მათ 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილებების შესვლის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის 15 წევრიდან 2-ს საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენ წევრებს კი კომისია აარჩევს, “რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერმინისტრს”.
“კანონპროექტით კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს მმართველობითი საბჭოს სტრუქტურას, მოწყობას და მათ უფლება-მოვალეობებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონპროექტით გათვალისწინებული მმართველობითი სისტემის შესაბამისად, საპენსიო ფონდს ჰყავს ერთი უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვაზე. მმართველობითი საბჭო შედგება არანაკლებ 9, ხოლო არაუმეტეს 15 წევრისგან, რომელთაგან 9 წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა 1 წევრს ნიშნავს თანამდებობრივად, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია თანამდებობრივად დანიშნოს 2 წევრი, დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალი, შერჩევის შედეგად დანიშნული წევრები. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ინიშნება 5 წლის ვადით და მათ შეარჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს”. – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებები ასევე შეეხება საინვესტიციო ლიმიტებსაც, იგეგმება მათი ზრდა.
“საინვესტიციო ლიმიტებთან (მანდატის გაფართოებასთან) დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა აქტივების ჭრილში ლიმიტების გაზრდას 15%-მდე, 20%-მდე, 25%- მდე, აღნიშნული უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტიციების მეტად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე, რადგან დივერსიფიკაცია სწორედ საპენსიო აქტივებზე ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ასეთი გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი”. – წერია კანონპროექტში.