საქართველოს საპატრიარქო სტალინის გამოსახულებიანი ხატის გარშემო მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხატის კანონიკაში მოყვანაზე საპატრიარქომ უკვე “იზრუნა”. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია სახელმწიფოს მიერ დაანონსებული რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონის საჭიროება და ამ მხრივ, საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობა.
საპატრიარქო ხალხს კვლავ მოუწოდებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.
“კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის.
ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ.
სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს.
იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
ადგილი ჰქონდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატის საპატრიარქო ტაძარში განთავსებას, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე, ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა. სწორედ ეს აისახა საპატრიარქოს განცხადებაში. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გამო საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა (როგორც არ უნდა იყოს შეფუთული), რისი მომსწრენიც გავხდით, უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია.
ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას – მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება”. – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა და “ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმაც გააკეთა კომენტარი. მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.
9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.
10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქომ 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია – “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”. საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.
საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გუშინ, 11 იანვარსაც გაავრცელა და მრევლს მოუწოდა, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.