საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე „სამხრეთის კარიბჭეს“ უდასტურებს, რომ არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს. თავად არქიმანდრიტი კომენტარს კვლავ არ აკეთებს.
„არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძესთან დაკავშირებით გიპასუხებთ: დღევანდელი მოცემულობით არქიმანდრიტ ნიკოლოზს მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს და გადაყვანილია ზარზმის მონასტრიდან. საქმე ეხება მისდამი წაყენებულ ბრალდებებს, რომელსაც თავად მამა ნიკოლოზი არ აღიარებს. ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მეუფე თეოდორემ, სასჯელის ეს ფორმა გამოიყენა მას შემდეგ, რაც მამა ნიკოლოზმა არ ისურვა მომჩივანის წინაშე თავის მართლება“,-მისწერა „სამხრეთის კარიბჭეს“ ანდრია ჯაღმაიძემ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, არქიმანდრიტი ნიკოლოზი ამჟამად ადიგენის მუნიციპალიტეტში, ქვაბიჯვრის მონასტერში იმყოფება.
„სამხრეთის კარიბჭე“ სასულიერო პირს 29 იანვარს ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის შენობასთან შემთხვევით შეხვდა, მასთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა.