საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული მოქალაქე სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებია. სოფელი გუგუტიანთკარი ოკუპირებულ სოფლებს, დისევს და ხელჩუას, ესაზღვრება.
სუსის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – წერია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებსაც ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება აქვთ წაყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)