რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ სანქცირებულმა ვალენტინა მატვიენკომ საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლებისა და კრემლის ოფიციალური, პროპაგანდისტული პოზიციის გამოხატვის მიზნით.
მატვიენკო 28 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სიტყვით გამოვიდა პარლამენტების სპიკერთა მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ ქალი სპიკერების სამიტზე.
მატვიენკომ, რომელიც ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის და თავად შვეიცარიის მიერ სანქცირებულ რუს პოლიტიკოსებს შორისაა, საერთაშორისო ფორუმის ტრიბუნიდან გაიმეორა კრემლის ნარატივი, რომ რუსეთი „მშვიდობისკენ მოწოდებების” შემდეგ „იძულებული იყო ჩარეულიყო”, რათა შეეჩერებინა „კიევის რეჟიმის” მიერ დონბასსა და „ნოვოროსიაში” ჯერ კიდევ 2014 წლის „ანტიკონსტიტუციური გადატრიალების” შემდეგ გაჩაღებული „სისხლისღვრა” და „უკრაინელი ნეონაცისტების” მიერ „ქალების, ბავშვების და მოხუცების მკვლელობა”.
რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია 27 ივლისს ჩავიდა ჟენევაში, რომელიც 28-30 ივლისს მასპინძლობს საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ღონისძიებებს.
შვეიცარიის მედიასაშუალებები ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში წერდნენ, რომ მატვიენკო და დელეგაციის წევრთა ნაწილი შვეიცარიის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან, ამიტომ მათ ქვეყანაში ჩასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებოდათ. მედია ყურადღებას ამახვილებდა იმაზეც, რომ ეს რუსი პოლიტიკოსები ღიად უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში.
გამოცემა Blick-ს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, რომ შვეიცარიამ ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ფორუმებზე ოფიციალური დელეგატების დასწრებას. სამინისტროს თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მსგავსი კონფერენციების დროს შესაძლებელია სანქციების მოქმედების დროებით შეჩერება.
ფორუმი
