ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა აუქციონზე გაყიდოს იახტა „ამადეა“, რომელიც რუს მილიარდერს, ფედერაციის საბჭოს წევრ სულეიმან კერიმოვს ეკუთვნოდა. ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, დახურული აუქციონი 10 სექტემბერს გაიმართება.
325 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა გათვლილია 16 მგზავრზე და ეკიპაჟის 36 წევრზე, აქვს აუზი, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი და მოედანი ვერტმფრენისთვის.
„ამადეა“ 2022 წელს ფიჯის ხელისუფლებამ დააკავა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივების მოძებნას და კონფისკაციას. ფიჯიმ იახტა აშშ-ს გადასცა.
ოფიციალური დოკუმენტებით „ამადეა“ ეკუთვნოდა ფირმას, რომელიც დაკავშირებულია რუსული კომპანია „როსნეფტის“ მაღალი რანგის მენეჯერ ედუარდ ხუდაინატოვთან. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, ხუდაინატოვი იახტის ნომინალური მფლობელი იყო, სინამდვილეში კი ეკუთვნოდა 2018 წლიდან სანქცირებულ მილიარდერს, სულეიმან კერიმოვს.
იახტის გამო დაწყებულ სასამართლო დავას 2025 წლის მარტში წერტილი დაუსვა ნიუ-იორკის სასამართლომ. მისი გადაწყვეტილებით „ამადეას“ აუქციონზე გაყიდვა შესაძლებელია, როგორც ეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაადგინა.
