“სანქციები ივანიშვილს, ოცნების დეპუტატებს” – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი კანონზე

ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი “საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და მისი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის შესახებ”. როგორც ცნობილია, რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება.
რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს. ასევე, ამავე პუნქტში მოწოდებაა ევროპული საბჭოს მიმართ, განიხილონ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ს სანქცირება.
რეზოლუციაში წერია, რომ ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი შედგენილია ანალოგიური კანონის მიხედვით, რომელიც მიიღეს რუსეთში 2012 წელს და ასევე, აღნიშნულია, რომ ეს კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ მიიღეს ყირგიზეთსა და აფხაზეთში.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს, გაზაფხულზე სცადა ამ კანონპროექტის მიღება, თუმცა მასობრივი პროტესტის ფონზე, იძულებული გახდა, რომ გაეწვია კანონპროექტი, რადგან არ სურდა საფრთხე შეჰქმნოდა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებს.
რეზოლუციის ავტორების შეფასებით, ახლაც, როგორც 2023 წელს, კანონმა გამოიწვია მასობრივი პროტესტი და ის საკამათოდ მიიჩნევა. ასევე, ტექსტში ნათქვამია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ კანონი, მიღების შემთხვევაში, მიმართული იქნება ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. ამასთან, ნათქვამია, რომ კანონპროექტი საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეამცირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ ნამდვილ გამჭვირვალობას საქართველოში.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი
1. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ქართული ოცნების მიერ პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი შემოტანის გამო. მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა თავისი სულით შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან. ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი არღვევს მინიმუმ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ ორ პუნქტს – პირველსა და მეცხრეს.