„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ მათთვის სამოგზაურო სანქციების დაწესება თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს აზარალებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პერსონალური სავიზო სანქციები დაუწესდებათ საქართველოში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსული კანონის მიღებასა და დემოკრატიის შეფერხებაზე.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ენტონი ბლინკენის განცხადებას „შანტაჟსა და მუქარას“ უწოდებს.
„ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, როცა საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს,“ — აღნიშნულია განცხადებაში.
მმართველი პარტია ამავე განცხადებაში კვლავ იმეორებს ცრუ ნარატივს, თითქოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონის წინააღმდეგ არგუმენტები ვერავინ წარმოადგინა. აღნიშნული რუსული კანონის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დეტალური, 24-გვერდიანი შეფასება, სადაც დასაბუთებულია, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხ მუხლს.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია,“ — აცხადებს „ქართული ოცნება“.
მმართველი პარტია ამბობს, რომ მათ სანქციები არ აშინებთ და მაგალითად მოჰყავთ თვეების წინ ოთხი მოსამართლის დასანქცირება. „ოცნების“ აზრით, ამას არ შეუფერხებია სასამართლოს მუშაობა.
„დასასრულს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში,“ — აცხადებს „ოცნება“.