ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები, განსაკუთრებით ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სფეროში. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ს განუცხადა უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა.
კელოგის თქმით, აშშ რუსეთზე სანქციებით ზეწოლას სხვა ქვეყნებზე უფრო აქტიურად იყენებს, თუმცა აღსრულებას ათიდან მხოლოდ სამი ქულით შეაფასებდა.
პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის სტრატეგია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა, მაშინ, როცა კელოგის შეფასებით, ეკონომიკური და დიპლომატიური მიმართულებებით ზეწოლის გაძლიერება არ ხდებოდა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის ახალი მინისტრი პამელა ბონდი აუქმებს ოპერატიულ ჯგუფს, Kleptocapture-ს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში შექმნა და მისი ამოცანა იყო რუსი ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველყოფა.
