სანქციების დარღვევის რისკი თავად ბანკებმა უნდა შეაფასონ და მიიღონ გადაწყვეტილება – თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასება უნდა მოახდინოს თავად ფინანსურმა ინსტიტუტმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელებასა და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.
ასე უპასუხა მან პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ გაგზავნილ კითხვას. მ ნათია თურნავას ჰკითხა, გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი -ის მიერ სანქცირებული პირების (ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე) საბანკო ანგარიშების გაუქმების (გაყინვის) შესახებ.
როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, როგორც წესი, არ მოიცავს კონკრეტულ პირებთან/ანგარიშებთან დაკავშირებულ მითითებებს.
„ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის 26 თებერვლის მითითებით საქართველოში მოქმედ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს დაევალათ დაიცვან ს ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები. აღნიშნული რეჟიმები მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის (USA, EU, UK) მიერ დაწესებულ სანქციებს. აღნიშნული მითითებით გათვალისწინებული და სანქციებთან დაკავშირებით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ვალდებულებები ასევე განსაზღვრულია „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 9 აგვისტოს.
სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის პროცესის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარდა რიგი ღონისძიებები, გაიცა წერილობითი მითითებები, შემუშავდა და დამტკიცდა ნორმატიული აქტები/სახელმძღვანელოები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №273/04 ბრძანებით დამტკიცდა „მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების სკრინინგის წესი“, რომელიც ადგენს SWIFT შეტყობინებების სკრინინგის ერთიან მიდგომას, მითითებას აკეთებს სიებზე, რომელთა მიმართებით სავალდებულოა SWIFT შეტყობინებების სკრინინგის განხორციელება და ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, – ნათქვამია ნათია თურნავას მიერ რომან გოცირიძისთვის გაგზავნილ წერილში.
როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
„დამატებით, აღსანიშნავია, რომ ფინანსური სექტორის წარმომადგენლების ადგილზე და დისტანციური შემოწმების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან. მოწმდება ფინანსური სექტორის წარმომადგენლის მიერ სანქცირებული პირების გამოვლენისა და ტრანზაქციების შესწავლის საკითხი, ასევე, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით შემუშავებული და დანერგილი კონტროლის მექანიზმები“, – ნათქვამია ნათია თურნავას მიერ რომან გოცირიძისთვის გაგზავნილ წერილში.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.
სანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია 2023 წლის შემოდგომაზე შეცვალა – როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი საქართველოში. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
მას შემდეგ კი, რაც 16 სექტემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესა, გაჩნდა კითხვა, ბანკები დაემორჩილებიან სანქციების საერთაშორისო რეჟიმს თუ ეროვნული ბანკის მითითებას, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.
საბანკო ასოციაციის განცხადებით, საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს.