სანდრო რაქვიაშვილი – გენდერული კვოტირების გაუქმება არის საკითხი, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებშიც შედიოდა და საბოლოო ჯამში, შევთანხმდით! – თუ კანონს მივიღებთ, ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ კეთდება პოლიტიკა

[გენდერული კვოტირების გაუქმება] ეს არის საკითხი, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებშიც შედიოდა და საბოლოო ჯამში, შევთანხმდით! – ეს არის კოალიციის საუკეთესო მაგალითი და თუ კანონს მივიღებთ, ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ კეთდება პოლიტიკა, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მათი ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
რაქვიაშვილის ინფორმაციით, “საკითხი სთან გაიარეს“.
ამასთან, როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს დაახლოებით ორი კვირის წინ, სასესიო დარბაზში შესვენების დროს რამდენიმე კოლეგასთან ერთად “არჩევდნენ“ და რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ცნობილი იყო, რომ ამ თემაზე უმრავლესობასთან შეთანხმება არსებობდა.
რაქვიაშვილმა დასმული კითხვის პასუხად თქვა ისიც, რომ მათ პარტიაში პოლიტიკოსი ქალები არ არიან.
“ზოგადად მიკვირს, როცა პარლამენტში იმის გარჩევა გვიწევს, რა არის პოლიტიკური შეთანხმება. მიკვირს, როცა ზოგიერთი პარტიის ლიდერი რომ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ამორალურია. მე ის მაინტერესებს, პოლიტიკაზე რა გაგიგიათ?!
ბედნიერი ვიქნები “ქართული ოცნების“ ინტერესებში ასევე შედიოდეს პრივატიზაცია, სასამართლო რეფორმა, რასაც რაიმე ტიპის ვაჭრობის გარეშე დავუჭერთ მხარს.
უაღრესად მიუღებელია ადამიანების ქალებისა და კაცების ნიშნით დაყოფა და იმის თქმა, რომ ქალები და კაცები თანასწორები არ არიან. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ქალები უფლებრივად თანასწორები არიან, შედეგი დამსახურებით იქნება და შედეგი უნდა მიიღოთ ის, როგორიც არის –
თუ ხუთშაბათს საღამოს, ჩვენ ამ კანონს საბოლოოდ მივიღებთ, ძალიან კარგი კანონის მიღებას სიამოვნებით აღვნიშნავთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა საკომიტეტო განხილვისას.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “გირჩის“ მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.
როგორც ბიუროს 1-ელი აპრილის სხდომაზე “ქართული ოცნების“ მხრიდან ითქვა, უმრავლესობა “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ხოლო “გირჩი“ “ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ