სანდრო რაქვიაშვილი – არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების უცნაური რეაქცია – თუ ვინმე ამბობს აქ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ცუდია და თან კოალიციას ითხოვს, ან არაფერი გესმით პოლიტიკაში, ან უბრალოდ იტყუებით

არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების უცნაური რეაქცია. გვერდით გადავდებ ისტერიკას და ლანძღვას, რომელსაც 2 დღე ვისმენ – თუ ვინმე ამბობს აქ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ცუდია და თან კოალიციას ითხოვს, ან არაფერი გესმით პოლიტიკაში, ან უბრალოდ იტყუებით, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ვაჭრობა ღია, საჯარო და გასაგები წესებით შედგა.
„მინდა ვისაუბრო იმ შეთანხმებაზე, რომელიც ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შედგა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც მართლაც პოლიტიკური ვაჭრობა შედგა ღია, საჯარო და გასაგები წესებით. ჩვენ ძალიან პროგნოზირებადი პარტია ვართ. ყველამ იცის, რა პრინციპები გვაქვს, არ ვარღვევთ. იგივე კვოტების შემთხვევაში, წლებია ერთი და იმავე პოზიციაზე ვართ, ყველა მხარდამჭერმა იცის, რა პოზიცია გვექნება, თუ გადასახადებზე წავა საუბარი, სასამართლოზე, თავდაცვაზე. ჩვენი პრინციპები საჯაროა და ყოველდღიურად ვიცავთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ამას საჯაროდ ვაკეთებთ, ყველა შეთანხმებას, თუ მოლაპარაკებას კულუარულად არ ვაკეთებთ. იცით, ჩვენ ქვეყანაში პარტიებიც კი ისე იქმნება, რომ საჯარო პროცესი არ არის, კულუარულად თანხმდებიან, ადგილებს ინაწილებენ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პარლამენტში მოხდა საჯარო შეთანხმება გასაგები პირობებით. იმიტომ ვარ მოხარული, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად გამოსადეგია. იმედია, ხუთშაბათს საღამოს, ეს პროცესი დასრულება და ყველა კმაყოფილი ვიქნებით.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების უცნაური რეაქცია. გვერდით გადავდებ ისტერიკას და ლანძღვას, რომელსაც 2 დღე ვისმენ. მაინტერესებს, რა არის მათთვის სწორი პოლიტიკა. მთელი ოპოზიცია საუბრობს, კოალიციურ მთავრობაზე. რა არის კოალიცია, თუ არა პოლიტიკური ვაჭრობა. ნუთუ ასე ჩარჩა ჩვენი საზოგადოება, ან პოლიტიკოსების ნაწილი კომუნიზმში, რომ სიტყვა ვაჭრობას ცუდად იყენებთ?
კოალიცია ნიშნავს, რომ თქვენ თმობთ რაღაცას პოზიციებს, ის რაც მეორე მხარისთვის მნიშვნელოვანია, სანაცვლოდ იღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს, ეს სწორი პოლიტიკური ქცევაა, როდესაც საჯაროდ ხდება, გასაგებ პრინციპებზე დაყრდნობით. დღეს და გუშინ მოვისმინეთ კრიტიკა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც რა უნდათ არ ვიცით. აქეთ მხარეს, სხედან ადამიანები, ვისთან ერთადაც 3-წელია ვმუშაობთ და მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს, არის ის, რომ ვერ გავიგეთ რა გინდათ. რა გინდათ სასამართლოში, ეკონომიკაში, საერთოდ რა გინდათ ეს ვერ გაგვიგია 3-წელია და ეს ხალხი გვეუბნება, თურმე ჩვენ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ. არა, ჩვენ პრინციპებს ვიცავთ, რის გამოც ამომრჩეველი გვაფასებს. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა ჩვენსა და თქვენს შორის. სწორი მაგალითი რომ დაინახოთ და თქვენც სწორად მოიქცეთ, პრინციპები ჩამოაყალიბოთ, პოლიტიკური მიზნები ჩამოაყალიბოთ, ამ პრინციპების და მიზნების თანახმად საჯარო იმოქმედოთ, უბრალოდ ისტერიკა მოაწყვეთ, რომ თურმე გარიგებასა და ვაჭრობაში შევედით. დიახ, ვაჭრობაში შევედით და ეს ერთადერთი სწორი პოლიტიკური პროცესია, რომელიც შესაძლოა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკაში. თუ ვინმე ამბობს აქ, რომ პოლიტიკური ვაჭრობა ცუდია და თან კოალიციას ითხოვს, ან არაფერი გესმით პოლიტიკაში, ან უბრალოდ იტყუებით“,-აღნიშნა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “გირჩის“ მიერ მომზადებულ პროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.