სანდრო ბარამიძე – ოპოზიციური პარტიების აკრძალვით პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია დაიხურება – თუ ამომრჩეველს არჩევანი არ აქვს, არც არსებობს

საკონსტიტუციო სასამართლომ ცხადია სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს იმიტომ, რომ ეს სარჩელი სხვას არაფერს ეყრდნობა, თუ არ კომისიის დასკვნას, რომელიც უკანონოდ იქნა შექმნილი და მისი მანდატიც უკანონოდ იქნა გაფართოებული , – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა, სანდრო ბარამიძემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისა განაცხადა, რომლითაც „ქართული ოცნება“ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ სანდრო ბარამიძემ განაცხადა, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50%-იანი წარმომადგენლობა, ხოლო როცა კომისია შეიქმნა ოპოზიცია პარლამენტში უბრალოდ არ არსებობდა.
„სარჩელი, რომელიც „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტაციამ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, ეყრდნობა მხოლოდ ერთ ე.წ. მტკიცებულებას და ეს მტკიცებულება არის დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა. წულუკიანის ეს კომისია შეიქმნა კონსტიტუციის და კანონის უხეში დარღვევით. კერძოდ, კონსტიტუციის და იმ დროს მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50%-იანი წარმომადგენლობა. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიცია ამ პარლამენტში უბრალოდ არ არსებობდა. ოთხი პარტია გავიდა პარლამენტში კალანდარიშვილის თანახმად და სამმა მანდატებზე თქვა უარი, ხოლო გახარიას პარტიამ მუშაობაზე თქვა უარი. მთავარია კონსტიტუციის ჩანაწერი და ამავეს იმეორებს რეგლამენტის ჩანაწერი, რომ ერთი პარტიის სიით გასულ დეპუტატებს არ შეუძლიათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია და ეს ხალხი, ვისაც შეაქმნევიეს ფრაქციები, „ხალხის ძალა“ და „ევროპული სოციალისტები“, იყვნენ ქართული ოცნების“ სიით გასული. შესაბამისად, არ შეეძლოთ ფრაქციის შექმნა. შესაბამისად ამ კომისიის შექმნა იყო კანონის და კონსტიტუციის დარღვევა. აქედან გამომდინარე, შექმნისთანავე უკანონო იყო და დასკვნაც უკანონოა“, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
სანდრო ბარამიძის განცხადებით, სამი წამყვანი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია აღარ იარსებებს.
„თუ საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტაციის სარჩელს დააკმაყოფილებს, მაშინ აიკრძალება სამი წამყვანი პოლიტიკური პარტია. სავარაუდოდ აიკრძალება სხვა პარტიებიც, რომელიც მომავალში შეიძლება შეიქმნას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია განაცხადოს, რომ ახალი პარტია უკვე აკრძალული პარტიის მიზნებს ან პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი დაიხურება. წამყვანი პოლიტიკური ძალები თუ არ იქნება, მასკარადული, წვრილ-წვრილი პარტიები რომაა, თავს რომ ოპოზიციად აცხადებენ და სინამდვილეში არ არიან, ამისთანა პარტიების არსებობა არ განაპირობებს პარტიულ პლურალიზმს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კალანდარიშვილის კომისიის ცნობით და აღიარებითაც კი, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ ნდობას არ იმსახურებს ეს მონაცემები, 700 000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა ამ პარტიებს. გამოდის, რომ თუ ეს პარტიები აიკრძალება 700 000 ამომრჩეველი დარჩება არჩევანის გარეშე. ამას ჰქვია პოლიტიკური პლურალიზმის დახურვა და მასთან ერთად დაიხურება საარჩევნო დემოკრატიაც. თუ ამომრჩეველს არჩევანი არ აქვს, მაშინ არ არსებობს არც “, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო