კომუნიკაციების ექსპერტი თინა სტამბოლიშვილი გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “რუსულ კანონთან” დაკავშირებით ბიზნესმენთა გამოხმაურებას აფასებს. GIPA-ს პროფესორმა აღნიშნა, რომ ბიზნესი ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, ერიდება აქცენტს ისეთ თემებზე, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზაციას იწვევს.
“ბიზნესსექტორი თავის საქმიანობას კვლავ შეუდგა. სამწუხაროდ, ყველას არა, მაგრამ ბიზნესმენთა კატეგორიას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი “Business As Usual” გაგრძელდება და მათ საქმიანობასა და ბიზნესს არაფერი დაემუქრება.
ვნახეთ არაერთი განცხადება ამ დღეებში, რამაც ძალიან დამწყვიტა გული, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესი ასეთ სიტუაციაში, როგორც წესი, ფრთხილობს. ის ერიდება ისეთ თემებზე აქცენტის გაკეთებას, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზებას იწვევს, რადგან მათი თანამშრომლებიც იმ აქციებსა და დემონსტრაციებზე დგანან, მათი მომხმარებლებიც. მაგრამ, ამავე დროს, მათ ჰყავთ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მომხმარებლები და ეს საერთოდ არ არის გასაკვირი. კორპორაციული აქტივიზმის მოთხოვნა საზოგადოებას არავისგან სჭირდება”, – განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.
სტამბოლიშვილმა ბიზნესისთვის არსებულ რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსს დავკარგავთ, რაც საინვესტიციო გარემოზეც აისახება.
“დგება რაღაც მომენტები, როდესაც თუ რამეს იტყვი, აღარ გამოგივა, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური. არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე, ისევ და ისევ ცივილური ინსტიტუციური ბიზნესისთვის. თუ ეს არ არის ცივილური ბიზნესი, მაშინ გასაგებია, რომ ვერ ხედავენ ამ საფრთხეს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი, რაც ბიზნესს უდგას, ისაა, რა ქვეყნების სიაში აღმოჩნდება საქართველო, თუ ამ კანონს მიიღებენ. იქნება ეს ყირგიზეთი და მსგავსი ქვეყნები თუ იქნება ქვეყანა, რომელმაც კანდიდატის სტატუსი ახლახან მიიღო და ევროკავშირში აპირებს ინტეგრირებას. თუ ვინმე იტყვის, რომ ამ კანონით დავრჩებით კანდიდატი ქვეყანა, ის ძალიან ცდება, იმიტომ რომ ყველა პარტნიორი, ყველა დონორის განცხადება ვნახეთ, რომ ის არ მიგვიყვანს ევროპამდე.
რასაკვირველია, ეს საინვესტიციო კლიმატის გაუარესებაზე მოქმედებს. ბუნებრივია, მოქმედებს იმაზეც, რომ კაპიტალზე წვდომა ასეთ სარიკსო ქვეყნებში სრულად სხვაა. და რატომ ვხვდებით სარისკო ქვეყანა? იმიტომ, რომ ერთ მუჭა ადამიანებზეა დამოკიდებული მთელი ქვეყნის ბედი და რაც მათ მოეპრიანებათ, ის უნდა მოხდეს”, – განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.