„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვახტანგ გომელაურს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე ამჯერად “სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის” ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადასცეს.
მას ეს ჯილდო „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
რამდენიმე თვით ადრე, იანვარში, “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის” ყაველაშვილმა დასავლეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.
ვახტანგ გომელაური აშშ-მ “მაგნიტსკის სიაში” ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის 2024 წლის 19 დეკემბერს შეიყვანა – პოლიციის ძალადობის გამო 2024 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებების ხელყოფა, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობა კი გომელაურისთვის ბრიტანეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ფინანსური და მოგზაურობის შემზღუდავი სანქციების დაწესების საფუძველი გახდა.
ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან 28 მაისს გადადგადა განაცხადა, რომ „გადაწყვიტა ოჯახს მეტი დრო დაუთმოს“. ის თანამდებობაზე გელა გელაძემ შეცვალა.
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს ბოლო 10 წლის განმავლობაში იკავებდა – 2015 წელს 8 თვე იყო შს მინისტრი, 2015-2019 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2019 წლის 8 დეკემბერს კვლავ შსს-ში დააბრუნეს – სადაც მაშინ პრემიერად დაწინაურებული და აწ უკვე ოპოზიციაში წასული გიორგი გახარია ჩაანაცვლა, მინისტრის პოზიციაზე.
ფორუმი
