სამშენებლო სფეროში ჩართულმა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკოდების დრო მოდის და ამ კუთხით ცოდნის ამაღლება საჭიროა, – ამის შესახებ გადაცემა “ბიზნესპარტნიორი პიკის საათში” სამშენებლო კომპანია „ინსის“ დირექტორმა, ზვიად თოიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეს არის სწორედ ის სტანდარტები, რომლითაც დღეს ევროკავშირში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების პროექტირება ხდება.
„ევროკოდების შემოღებით ჩვენ გადავდივართ საერთაშორისო სტანდარტებზე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი 4 ევროკოდის რეგისტრაცია უკვე მოხდა. ევროკოდების გამოყენება ჯერჯერობით სავალდებულო არ არის, მაგრამ კომპანია უფლებამოსილია, რომ გამოიყენოს. პირდაპირ დავალდებულებით შესაძლებელია სექტორი მზად არ დახვდეს და ამიტომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამის განხორციელება.
ევროკოდებს მოჰყვება ევრონორმები, რომლებიც არის მშენებლობის ნორმები, მაგრამ ევროკოდებით იწყება ყველაფერი. ეს არის სწორედ ის სტანდარტები, რომლითაც დღეს ევროკავშირში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების პროექტირება ხდება.
USAID-ის მხარდაჭერით ტრენერები მოვამზადეთ, რომლებმაც ასევე უნდა განავრცონ აღნიშნული. გარდა ამისა თვითონ ბიზნესები უნდა ემზადებოდნენ ამისთვის და როგორც ვიცი ემზადებიან კიდეც. რაც შეეხება სახელმწიფოს – ევროკოდების თარგმნა და იმპლემენტაცია მათი მოვალეობაა და ნელ-ნელა ეს უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ ბიზნესი ამას შეეგუება და ისწავლის. სამშენებლო სფეროში მოღვაწე ადამიანები, სპეციალისტები და ექსპერტები უნდა იყვნენ ამისთვის მზად, თორემ სახელმწიფოს კუთხით, ბიუროკრატიული კუთხით მე პრობლემას ვერ ვხედავ.
რა თქმა უნდა, მზაობა არის. ნელ-ნელა საინფორმაციო საშუალებებიც შეუწყობენ ამას ხელს. ხალხმა, ამ(სამშენებლო) სფეროში ჩართულმა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკოდების დრო მოდის და ამ კუთხით ცოდნის ამაღლება საჭიროა“, – აცხადებს ზვიად თოიძე.
ცნობისთვის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდები შემოდის, რომელმაც სექტორი სრულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა.
bp.ge
