სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ ისეთი განვითარება მივიღოთ, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და სამინისტროში, სხვათა შორის, საკმაოდ დიდი დროის ნაწილი ეთმობა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას, ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩვენ მივიღოთ ისეთი განვითარება, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა “დღის ქრონიკაში“.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომელიმე კონკრეტულ პროექტზე ის პროექტი არის დიდი სურათის ნაწილი. ამ შემთხვევაშიც ასეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ზოგადად შუა დერეფნისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია და საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტია. ყველა სხვა ჩვენი ინვესტიცია, რომელიც ზოგადად ჩვენი შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, სატრანსპორტო ლოგისტიკური მიმართულებით არის, ერთიანი სურათის ნაწილია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რკინიგზის მოდერნიზაციაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ლოგისტიკურ ცენტრზე, როდესაც ვსაუბრობთ პორტებზე – ეს ყველაფერი ერთი სურათის ნაწილია და, ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და სამინისტროში სხვათა შორის, საკმაოდ დიდი დროის ნაწილი ეთმობა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას, ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ამ პროექტს ისე, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ჩვენ მივიღოთ ისეთი განვითარება, რომელიც საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, პირველ რიგში უნდა შეიქმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ასევე ოპერირების მოდელი უნდა იყოს ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი გრძელვადიან პერსპექტივაში.
„სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ ინტენსიურად სექტემბერში. ეს სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. ჩვენ გვყავს ბელგიური კომპანია, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოს ოთხეულიდან, რომელიც საზღვაო სამუშაოებს ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პარალელურად ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ ინვესტორებთან. იცით, რომ პრეტენდენტ კომპანიას კონსორციუმში ჰყავს სხვადასხვა მონაწილე მხარე. ეს პროცესიც მიდის აქტიურად და ამ შემთხვევაში საუბარია კონსორციუმის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზე, დამატებით საინტერესო მოთამაშეების შემოსვლაზე, რაც პორტის შემდგომ ოპერირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ხაზს ვუსვამ, რომ კონკურენტუნარიანობა უნდა გაიზარდოს ამით ისე, რომ ჩვენ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ, მეტი საინტერესო ტვირთი მოვიზიდოთ და ასევე მაქსიმალურად მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების პარტნიორები გვყავდეს ამ პროექტში. ასე რომ ეს პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ დინამიკურად“, – აღნიშნა დავითაშვილმა.